თურქეთის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ბევრს მუშაობენ ზელენსკისა და პუტინს შორის შეხვედრის ორგანიზებაზე, მაგრამ რუსეთს ჯერჯერობით სურვილი არ აქვს
თურქეთის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ბევრს მუშაობენ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრის ორგანიზებაზე, მაგრამ რუსეთს ჯერჯერობით სურვილი არ აქვს. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა, იბრაჰიმ ქალინმა თურქულ პრესასთან განაცხადა.
„ზელენსკისთან და პუტინთან საუბარში ჩვენმა პრეზიდენტმა წინადადება გამოთქვა ომის დასრულებისა და ორი ლიდერის შეხვედრის თურქეთში გამართვის თაობაზე. ბატონი ზელენსკი ამისთვის მზად არის. ამის საპირისპიროდ, პუტინი მიიჩნევს, რომ მხარეებს ჯერ არ აქვთ მიღწეული საერთო ხედვა სახელმწიფოების მეთაურების დონეზე მოლაპარაკების თაობაზე“, – აღნიშნა ქალინმა.
იბრაჰიმ ქალინის თქმით, თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის შეთავაზებაა, დაფიქსირდეს ძირითადი პუნქტები, რომლებზეც ზელენკისა და პუტინს შორის მოლაპარაკებებზე კომპრომისი შესაძლებელია და შემდეგ კი, დელეგაციების უფრო დეტალური მოლაპარაკებები შეთანხმებაზე გაგრძელდება.
ქალინის განცხადებით, თურქეთის პრეზიდენტი მზადაა, იყოს შუამავალი ამ მოლაპარაკებებში და შესთავაზოს პლატფორმა თურქეთში მოლაპარაკებებისთვის. მისი თქმით, პუტინმა ერდოღანთან საუბარში უკრაინისადმი ექვსი მოთხოვნა დააყენა: უკრაინის ნეიტრალიტეტი და უარი ნატო-ს მომავალ წევრობაზე; „დემილიტარიზაცია“ და უსაფრთხოების გარანტიების ორმხრივი უზრუნველყოფა ავსტრიული უსაფრთხოების მოდელის მიხედვით; „დენაციფიკაცია“; რუსული ენის ფართო გამოყენებაზე „შეზღუდვების“ გაუქმება; „დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების“ აღიარების სტატუსი; რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის აღიარება.
ქალინის თქმით, უკრაინის დელეგაციამ თითქოს განიხილა პირველი ოთხი პუნქტი რუსებთან, მაგრამ მეხუთე და მეექვსე პუნქტებზე მსჯელობისთვის მზად არ არის, ამიტომ თურქეთს აქვს პროგრესის იმედი, თუ შესაძლებელი იქნება ზენენსკისა და პუტინის შეხვედრის ორგანიზება.
ქალინის განცხადებით, ვერც უკრაინა და ვერც მსოფლიო თანამეგობრობა ვერ დათანხმდებიან რუსეთის მიერ ყირიმისა და დონბასის ოკუპაციის აღიარებაზე, რადგან ეს საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევაა. გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ რუსეთი ძალის პოზიციიდან ცდილობს მოლაპარაკებას, მაგრამ ამავდროულად, ომის გაგრძელება, უპირველეს ყოვლისა, რუსეთის ჯარსა და ეკონომიკას დააზარალებს.