თურქეთის ხელისუფლებამ ამერიკელი ლგბტქ+ ტურისტების საკრუიზო გემს ქვეყნის პორტებში შესვლა აუკრძალა

10:45, 03.07.2026

თურქეთის ხელისუფლებამ ამერიკელი ლგბტქ+ ტურისტებისთვის განკუთვნილ საკრუიზო გემს ქვეყნის პორტებში შესვლა აუკრძალა. ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

როგორც კომპანია Atlantis Events-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, რიჩ კემპბელმა განაცხადა, გადაწყვეტილების მიზეზად ოფიციალურმა პირებმა „მორალური სტანდარტები“ და „ოჯახური ღირებულებები“ დაასახელეს.

„სიენენის“ ცნობით, კრუიზი, სახელწოდებით „ათენიდან ვენეციამდე“, საბერძნეთიდან 5 ივლისს უნდა გამგზავრებულიყო. გეგმის მიხედვით, გემი ორი დღის შემდეგ თურქეთის საპორტო ქალაქ კუშადასში უნდა შესულიყო, შემდეგ კი სტამბოლში ჩასულიყო. თუმცა ადგილობრივმა ხელისუფლებამ ღონისძიება გააუქმა და მიზეზად განაცხადა, რომ გემი იმ ჯგუფების მიერ იყო დაქირავებული, რომელთა ქცევაც „თურქული საზოგადოების მორალურ საფუძვლებსა და ღირებულებებს არ შეესაბამება“.

ხომალდზე სახელწოდებით Scarlet Lady, სულ 1 900-მდე მგზავრია, მათგან დაახლოებით 1 100 აშშ-ის მოქალაქეა, დანარჩენები კი დიდი ბრიტანეთიდან, კანადიდან, ავსტრალიიდან და სხვა ქვეყნებიდან არიან.

Atlantis Events-ის ინფორმაციით, გემი მარშრუტს შეცვლის და თურქეთის ნაცვლად, კაიროში და კუნძულ კრეტაზე გაჩერდება.

კომპანიის პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, რიჩ კემპბელმა „სიენენთან“ საუბრისას ანკარის გადაწყვეტილებას „გამაოგნებელი“ უწოდა. მისი თქმით, 36-წლიანი საქმიანობის განმავლობაში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც კომპანიას პორტში შესვლაზე უარი მგზავრების იდენტობის გამო უთხრეს.

კემპბელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ Atlantis Events-ი პოლიტიკური ორგანიზაცია არ არის და მათი მიზანი მხოლოდ მოგზაურობა, ექსკურსიების მოწყობა და ადგილობრივი კულტურისადმი მაქსიმალური პატივისცემის გამოხატვაა.

მსგავსი