თურქეთის ელჩი - თურქეთი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია, ანკარაში პრემიერის ვიზიტისას შევთანხმდით, სამიზნე ორიენტირი ხუთ მილიარდ დოლარამდე გაზრდილიყო, მიზნისკენ ერთად მივდივართ
თურქეთის ელჩი - თურქეთი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია, ანკარაში პრემიერის ვიზიტისას შევთანხმდით, სამიზნე ორიენტირი ხუთ მილიარდ დოლარამდე გაზრდილიყო, მიზნისკენ ერთად მივდივართ

ჩვენ ვართ საქართველოს მჭიდრო სტრატეგიული პარტნიორი, მეზობელი და მეგობარი ქვეყანა. მზად ვართ, ერთობლივი პროექტები განვახორციელოთ რათა მშვიდობა, სტაბილურობა, კეთილდღეობა და ეკონომიკური თანამშრომლობა კიდევ უფრო განვითარდეს რეგიონში, – ამის შესახებ საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ალი ქაან ორბაიმ ქვესადგურ „წყალტუბო 500“-ის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, თურქეთი არის ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი საქართველოსთვის.

„ჩვენი შესანიშნავი პოლიტიკური ურთიერთობები საქართველოსთან ასევე ასახულია ჩვენს სრულყოფილ ეკონომიკურ და სავაჭრო ურთიერთობებში. ყოვლისმომცველია ეს ურთიერთობები. თურქეთი არის ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი საქართველოსთვის. 98 წლიდან მოყოლებული პირველი სავაჭრო პარტნიორი ვართ ბოლო 15 წლის განმავლობაში. ეს შესაძლებელი გახდა თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების საფუძველზე. ბოლო მონაცემებით, ჩვენ კვლავ პირველ ადგილზე ვართ სავაჭრო პარტნიორებს შორის, გვქონდა სამი მილიარდი დოლარის სამიზნე ორიენტირი და ამას გადავაჭარბეთ. პრემიერ-მინისტრის თურქეთში, ანკარაში ვიზიტის შემდეგ ერთობლივად შევთანხმდით, რომ სამიზნე ორიენტირი 5 მილიარდ დოლარამდე გაზრდილიყო. ჩვენ ამ მიზნისკენ ერთად, მწყობრად მივდივართ და ვაპირებთ, ამასაც გადავაჭარბოთ“, – განაცხადა ელჩმა.

მისივე თქმით, საქართველოში თურქეთი არის ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა პირდაპირი ინვესტიციების კუთხითაც.

„ჯამურად, ჩვენ 2,5 მილიარდი დოლარი გვაქვს ინვესტირებული საქართველოში. ჩვენი კომპანიები სხვადასხვა სფეროში ოპერირებენ და წვლილი შეაქვთ ამ მშვენიერი, ლამაზი ქვეყნის განვითარებაში. ჩვენი ურთიერთობა თქვენს კომპანიებთან აშკარაა ენერგეტიკის სექტორში – ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის პროექტი, ერზრუმის პროექტი, ნავთობისა და ბუნებრივი აირის მილსადენები. ეს ყველაფერი ჩვენი მეგობრობის მტკიცებულებაა“, – განაცხადა თურქეთის ელჩმა.

როგორც ელჩმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ამაყობს, რომ თურქეთს წვლილი შეაქვს საქართველოს განვითარებაში.

„ჩვენ ვამაყობთ, რომ საქართველოს განვითარებაში შეგვაქვს ჩვენი მოკრძალებული წვლილი“, – აღნიშნა ალი ქაან ორბაიმ.