თურქეთის ელჩი - თურქეთი აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ვერასდროს იქნებოდა შეთანხმება ოკუპირებული ტერიტორიებისთვის ფინანსური სერვისების მიწოდებაზე
თურქეთის ელჩი - თურქეთი აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ვერასდროს იქნებოდა შეთანხმება ოკუპირებული ტერიტორიებისთვის ფინანსური სერვისების მიწოდებაზე

თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ფატმა ჯერენ იაზგანი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში იმყოფებოდა.

ელჩის სამინისტროში მისვლა უკავშირდებოდა ოკუპირებული აფხაზეთის მედიის მიერ 22 დეკემბერს გავრცელებულ ინფორმაცია, რომ „თურქეთის უმსხვილესმა ბანკებმა აფხაზური ნაციონალური საგადასახადო ბარათის, „აპრა ვორლდის“ მომსახურება დაიწყეს და საპილოტე პროგრამის ფარგლებში, თურქეთის „იშბანკის“ და „ზირაათ ბანკის“ ტერმინალური ქსელში ავტორიზაცია წარმატებით განხორციელდა“.

„დღეს, ჩემს კოლეგებთან და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად განვიხილე ეს საკითხი. თავიდან ეს არ წარმოადგენდა პრობლემას, როგორც წარმოაჩინა პრესამ“, – განაცხადა ელჩმა.

მისივე თქმით, თურქეთის მთავრობა, თურქეთის სახელმწიფო აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და ვერასდროს იქნებოდა შეთანხმება ოკუპირებული ტერიტორიებისთვის ფინანსური სერვისების მიწოდებაზე.

„ეს იყო ძალიან კარგი მაგალითი, როგორ შეუძლია მცდარ, დაუდასტურებელ ინფორმაციას აურზაურის გამოწვევა. ასეთი შემთხვევების პრევენციისა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის არიდების მიზნით, ჩვენ შევთანხმდით საქართველოს მთავრობასთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობაზე. რაც შეეხება საბანკო ბარათებს და ფინანსურ სერვისებს, ეს საკითხი კვლავ დღის წესრიგშია და მოიცავს რუსული ბარათების გარკვეულ ჯგუფს, რომელიც სთავაზობს სერვისებს თავის მომხმარებლებს თურქეთში. მათ შესაძლებელია, ჰქონდეთ შეთანხმება სხვა, სოხუმში მდებარე ფინანსურ ორგანიზაციასთან, რომელსაც არ შეუძლია თურქეთში ოპერირება. შესაბამისად, ყველაფერი ნათელია. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, დღეს ჩვენ ვისაუბრეთ პრობლემაზე, რომელიც რეალურად არ არსებობს“, – განაცხადა ელჩმა.

დატოვე კომენტარი