თურქეთის ელჩი - გვსურს, საქართველოს მოქალაქეები არ დაზარალდნენ, თუმცა აუცილებელია, თურქეთში დასაქმების უფლება ჰქონდეთ
თურქეთის ელჩი - გვსურს, საქართველოს მოქალაქეები არ დაზარალდნენ, თუმცა აუცილებელია, თურქეთში დასაქმების უფლება ჰქონდეთ

ჩვენ გვსურს, რომ საქართველოს მოქალაქეები არ დაზარალდნენ, თუმცა ასევე აუცილებელია, რომ მათ თურქეთში დასაქმების კანონიერი უფლება ჰქონდეთ, – ამის შესახებ საქართველოში თურქეთის ელჩმა, საელჩოში გამართული პრესკონფერენციის დროს განაცხადა.

ფატმა სერენ იაზგანის თქმით, თურქეთ-საქართველოს სასაზღვრო მონაკვეთზე რეგულაციები ორი ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის საუბრის შემდეგ გაიყინა და თურქეთი ცდილობს, დაადგინოს საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა, რომლებიც საზღვარზე ყოველდღიურ რეჟიმში გადადიან.

თურქი დიპლომატის განცხადებით, აუცილებელია კანონის აღსრულება, რომელიც თურქეთში ყოფნას და მუშაობის რეგულაციებს უკავშირდება. საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც თურქეთის საზღვარს კვეთდნენ და იმავე დღეს უკან ბრუნდებოდნენ, საზღვარზე გადასვლა ბაზაში არ აისახებოდა. ახალი რეგულაციით მსგავსი ქმედება ერთ კალენდარულ დღედ ითვლება. საქართველოსა და თურქეთს შორის კონსულტაციები მიმდინარეობს და წესები საქართველოს მოქალაქეებზე ჯერჯერობით არ ვრცელდება.

ელჩმა ახმედ ჩატაევთან დაკავშირებითაც გააკეთა კომენტარი.

“ახმედ ჩატაევისა და მასთან ერთად სხვა პირების თურქეთიდან საქართველოში შემოსვლა თურქეთისა და საქართველოს უსაფრთხოების სამსახურების გამოსაძიებელი საკითხია. დამატებით დეტალებზე ვერ ვისაუბრებ”, – აღნიშნა ფატმა სერენ იაზგანმა.