თურქეთის დასავლეთ ნაწილში ნაციონალისტური ახალგაზრდული ჯგუფის წევრები აშშ-ის ორ ჯარისკაცს თავს დაესხნენ
თურქეთის დასავლეთ ნაწილში ნაციონალისტური ახალგაზრდული ჯგუფის წევრები აშშ-ის ორ ჯარისკაცს თავს დაესხნენ. ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.
როგორც საელჩო განმარტავს, თავდასხმის ფაქტზე 15 პირია დაკავებული.
„თურქეთის ახალგაზრდულმა კავშირმა“ სოციალურ ქსელში მომხდარის ამსახველი ვიდეომასალა და განცხადება გაავრცელა.
„აშშ-ის ჯარისკაცები, რომელთა ხელებზეც ჩვენი ჯარისკაცებისა და ათასობით პალესტინელის სისხლია, ჩვენს ქვეყანას ვერ დაბინძურებენ. ყოველთვის, როცა ამ მიწაზე ფეხს დადგამთ, ჩვენ შეგხვდებით ისე, როგორც იმსახურებთ“, – აღნიშნულია განცხადებაში.
იზმირის გუბერნატორის ოფისის განცხადებით, „თურქეთის ახალგაზრდული კავშირის“ წევრები ფიზიკურად გაუსწორდნენ აშშ-ის ორ, სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულ ჯარისკაცს.
გავრცელებული ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება დაწყებულია, ხოლო აშშ-ის ჯარისკაცები ამჟამად უსაფრთხოდ არიან.