თურქეთი უკრაინას სთავაზობს, საქართველოსა და აზერბაიჯანთან ერთად საპარლამენტო თანამშრომლობის ფორმატი შექმნან
თურქეთი უკრაინას სთავაზობს, საქართველოსა და აზერბაიჯანთან ერთად საპარლამენტო თანამშრომლობის ფორმატი შექმნან

თურქეთის დელეგაცია უკრაინის უმაღლესი რადას სპიკერს, ანდრეი პარუბის პარლამენტების დონეზე სამმხრივ ან ოთხმხრივ თანამშრომლობას სთავაზობს. ამის შესახებ რადას პრესსამსახურის განცხადებაშია ნათქვამი. კერძოდ, კიევში ვიზიტისას, თურქეთის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ვოლქა ბოზქირმა კიევს უკრაინა-აზერბაიჯანი-თურქეთის ან უკრაინა-აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს ფორმატში თანამშრომლობა შესთავაზა.

თავის მხრივ, უმაღლესი რადას თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ რეგიონულ თანამშრომლობას მხარს უჭერს და კიევისთვის ნებისმიერი ახალი ფორმატი საინტერესო იქნება. ანდრეი პარუბი მიიჩნევს, რომ მსგავსი ფორმატები ეკონომიკური და პოლიტიკური თანამშრომლობის განვითარებას უწყობს ხელს.

გარდა ამისა,  პარუბიმ თურქეთის პარლამენტის წარმომადგენლებს თხოვნით მიმართა, არ მიიღონ მონაწილეობა რუსეთის საერთაშორისო ფორუმში, რომელიც ოკუპირებულ ყირიმშია დაგეგმილი.

„ეს არის მიზანმიმართული პროვოკაცია სხვა ქვეყნების წარმომადგენლების მოსაზიდად, რათა ისინი ოკუპირებულ ყირიმს ეწვიონ“, -აღნიშნა უმაღლესი რადას პარლამენტის სპიკერმა.

თავის მხრივ, თურქეთის პარლამენტის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ფორუმში არც ერთი დელეგაცია ოფიციალურად მონაწილეობას არ მიიღებს. ბოზქირმა კიდევ ერთხელ დაადასტურა თურქეთის მხრიდან უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა.