თურქეთი სამხედრო ოპერაცია „ევფრატის ფარს“ სირიის აფრინისა და მანბიჯის რეგიონებში გააგრძელებს 
თურქეთი სამხედრო ოპერაცია „ევფრატის ფარს“ სირიის აფრინისა და მანბიჯის რეგიონებში გააგრძელებს 

თურქეთი სამხედრო ოპერაცია „ევფრატის ფარს“ სირიის აფრინისა და მანბიჯის რეგიონებში გააგრძელებს. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა პარლამენტში თანაპარტიელებთან შეხვედრისას განაცხადა.

რეჯეფ ტაიპ ერდოღანის თქმით, დროა, სირიის ჩრდილოეთში რადიკალური ორგანიზაცია „ქურთისტნის მუშათა პარტიის“ მიერ ტერორისტული კორიდორის ფორმირება განეიტრალდეს.

„ჩვენ ამ პროცესს საზღვრების დაცვით დავასრულებთ“ – აღნიშნა ერდოღანმა.

თურქეთმა სირიის ჩრდილოეთში „ევფრატის ფარის“ პირველი ფაზა 2016 წელს დაიწყო, რაც ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ დამარცხებას ისახავდა მიზნად.

ოპერაცია 2017 წლის მარტში დასრულდა. ოპერაციის ფარგლებში თურქეთმა სამხედრო კამპანია ქურთული სამხედრო ჯგუფების წინააღმდეგაც აწარმოა.

აფრინი სირიის ჩრდილოეთში მდებარეობს, სადაც უმეტესად ქურთები ცხოვრობენ. თურქეთი ქურთების „სახალხო დაცვის შენაერთს“ ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს და „ქურთისტანის მუშათა პარტიასთან“ კავშირში სდებს ბრალს. თურქეთის ჯარის შესვლის შემთხვევაში ქურთები საპასუხო ზომების მიღებით იმუქრებიან.