თურქეთი რუსეთსა და უკრაინას შავ ზღვაში ნაოსნობის უსაფრთხოების უზრუნველყოფისკენ მოუწოდებს
თურქეთმა რუსეთსა და უკრაინას მოუწოდა, მიიღონ ზომები შავ ზღვაში ნაოსნობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
„როიტერის“ ცნობით, ანკარაში ეს მოწოდება მას შემდეგ გააკეთეს, რაც რუსეთის ნოვოროსიისკის პორტთან ახლოს დრონით განხორციელებული თავდასხმის შედეგად თურქეთის კუთვნილი გემი დაზიანდა, რის შედეგადაც ეკიპაჟის სამი წევრი მძიმედ დაშავდა.
თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ანკარა სერიოზულად არის შეშფოთებული შავ ზღვაში სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გამო.
უწყებაში ასევე აღნიშნეს, რომ ყურადღებით აკვირდებიან თურქეთის მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობას.
თურქული მედიის ინფორმაციით, სატვირთო გემს, რომელიც თურქეთისკენ მიემართებოდა, რუსეთის შავი ზღვის სანაპიროსთან დაესხნენ თავს. ეკიპაჟის 22-ვე წევრის ევაკუაცია განხორციელდა, ხოლო სამი მათგანი მძიმედ დაშავდა.
თურქეთის საზღვაო საქმეთა გენერალური სამმართველოს ინფორმაციით, ეკიპაჟში 13 წევრი თურქეთის მოქალაქეა. თავდასხმის შედეგად ბორტზე ხანძარი გაჩნდა.
თურქეთის საზღვაო საქმეთა გენერალურ სამმართველოში არ დაუკონკრეტებიათ, ვინ არის თავდასხმაზე პასუხისმგებელი.