თურქეთი მაიკ ფლინთან გარიგებას უარყოფს
თურქეთი მაიკ ფლინთან გარიგებას უარყოფს

თურქეთი მაიკ ფლინის წინააღდეგ მიმდინარე გამოძიებას ეხმაურება. ბრალდების მიხედვით, დონალდ ტრამპის ყოფილი მრჩეველი თურქულ მხარეს ფარულად გაურიგდა და რამდენიმე მილიონის სანაცვლოდ, ფეთჰულა გიულენის გატაცებასა და მათთვის გადაცემას დაჰპირდა. ოფიციალური ანკარა ამგვარ გარიგებაში მონაწილეობას უარყოფს.

ვაშინგტონში თურქეთის საელჩოს განცხადებით, ბრალდება „აბსოლუტურად ყალბი, უსაფუძვლო და სასაცილოა“.

ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელის, ჯეიმს ვულსის თქმით, ფლინს 15 მილიონს დაჰპირდნენ, თუ ის მარტში გიულენს თურქეთს გადასცემდა.

თურქეთი ფეთჰულა გიულენს 2016 წლის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ბრალდებით ეძებს. მათი აზრით, გასული წლის ივლისში ქვეყანაში განვითარებული მოვლენების უკან ამერიკაში მცხოვრები თურქი სასულიერო პირი იდგა.

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ამერიკული მხარისგან გიულენის ექსტრადაცია არაერთხელ მოითხოვა. თურქი სასულიერო პირი უკვე მრავალი წელია პენსილვანიაში ცხოვრობს.

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ტრამპის ყოფილი მრჩევლის მაიკ ფლინის წინააღმდეგ ბრალდებაში ნათქვამია, რომ 2016 წლის სექტემბერში ის თურქ ოფიციალურ პირებს შეხვდა და მათთან ერთად, გიულენის თურქული მხარისთვის გადაცემის საკითხი განიხილა.