თურქეთი: ლგბტქია+ საზოგადოების უფლებადამცველი ორგანიზაციები პრეზიდენტ ერდოღანის „ოჯახის ათწლეულის“ სამიზნეები გახდნენ
თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი რიო-დე-ჟანეიროში (ბრაზილია) გამართული „დიდი ოცეულის“ ლიდერთა სამიტის დროს. 2024 წლის 19 ნოემბერი / ფოტოს ავტორი: ლუის რობაიო, საინფორმაციო სააგენტო „ფრანს პრესი“
ოპერაციას სახელწოდებაა „ჩემი ოჯახი უსაფრთხოდაა“. იგი გასულ უქმეებზე თურქეთის 15 პროვინციაში ჩატარდა და მის სამიზნეში ის ასოციაციები, ბარები და ღამის კლუბები აღმოჩნდნენ, რომლებსაც ლგბტქია+ საზოგადოების წევრები ხშირად სტუმრობენ. ასევე დაიბლოკა რამდენიმე ორგანიზაციის სოციალური ქსელების, მათ შორის Kaos GL-ის საინფორმაციო ვებგვერდის ანგარიშები. ამ უკანასკნელის ოფისში ჩხრეკა ჩატარდა, რომლის დასრულების შემდეგ ორგანიზაციის ხელმძღვანელები დააპატიმრეს. ანკარის პროკურატურა Kaos GL-ს ბავშვებისთვის ხელმისაწვდომი „უხამსი“ კონტენტის გავრცელებაში ადანაშაულებს.

თურქეთის იუსტიციის მინისტრმა, აქინ გიურლექმა X-პლატფორმაზე ჩატარებული ოპერაცია იმით გაამართლა, რომ მთავრობა აგრძელებს „ოჯახების, ბავშვებისა და ახალგაზრდების დაცვას ექსპლუატაციის, უხამსობის, დანაშაულისა და მავნე კონტენტის ყველა ფორმისგან“. „ჩვენ არ შევეგუებით არცერთ დანაშაულებრივ ორგანიზაციას, რომელიც თავს ესხმის ოჯახის ინსტიტუტს, ჩვენი ახალგაზრდების მომავალსა და ჩვენი საზოგადოების წესრიგს“, – აღნიშნა მინისტრმა.
„ბოლო წლებში ჩვენთვის ვითარება გაუარესდა“ – აცხადებს Transpride-ის კომიტეტის წევრი, არჯინ დემირი
ჰომოსექსუალობა და ტრანსგენდერობა თურქეთში ოფიციალურად არ არის აკრძალული. თუმცა, პრეზიდენტი ერდოღანი და მისი ისლამისტურ-კონსერვატიული „სამართლიანობისა და განვითარების პარტია“ (AKP), რომელიც ხელისუფლებაში 2002 წლიდან იმყოფება, უკვე რამდენიმე წელია, თურქული საზოგადოების გარკვეულ ნაწილში არსებულ ჰომოფობიურ განწყობებს აღვივებენ და ლგბტქია+ პირებს „გაუკუღმართებულებად“ მოიხსენიებენ.
„ბოლო წლებში ჩვენთვის ვითარება გაუარესდა, – ამბობს სტამბოლში 12 წლის განმავლობაში მოქმედი ორგანიზაცია Transpride-ის კომიტეტის წევრი, არჯინ დემირი – მთავრობამ აკრძალა „ღირსების მარშების“ ჩატარება, რომლებიც დაახლოებით ათი წლის წინ ჯერ კიდევ ნებადართული იყო. მას შემდეგ ძალადობას განვიცდით პოლიციის მხრიდან, რომელიც ყველა შესაძლო საშუალებით ცდილობს, ხელი შეგვიშალოს შეკრებების ორგანიზებაში. პირადად მე 2025 წლის მარშის დროს დამაკავეს. მთავრობას თურქული ოჯახის ტრადიციული ღირებულებების საფრთხედ მივაჩნივართ. ხელისუფლება ჩვენს საწინააღმდეგო პროპაგანდას ეწევა და საზოგადოებრივი აზრით მანიპულირებს, რათა ჩვენს წინააღმდეგ ძალადობა წაახალისოს. ჩვენ სამიზნე გავხდით“.

უპრეცედენტო მასშტაბის რეპრესიები
გასულ უქმეებზე მომხდარ დაკავებათა ტალღის შემდეგ, ხელისუფლებამ უფლებადამცველი ორგანიზაციების კუთვნილი „იქსისა“ და „ინსტაგრამის“ რამდენიმე ანგარიშიც დაბლოკა. მათ შორის მოხვდა „ამნესტი ინტერნეშენალი – თურქეთის“, „აკადემიკოსები მშვიდობისთვის“ და „მედიისა და სამართლის კვლევების ასოციაციის“ ანგარიშები.
„თურქეთში არსებული ლგბტქია+ თემის უფლებადამცველი და ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციები ბოლო დღეებში განხორციელებული რეპრესიების მასშტაბით აღშფოთებულნი არიან, – აცხადებს ბელგიის ფრანგულენოვანი ტელე-რადიო მაუწყებლის (RTBF) კორესპონდენტი თურქეთში, ანე ენდლაუერი – ბრალდებები, კერძოდ, შეეხება პროსტიტუციისთვის ხელშეწყობასა და უხამსობას. ეს ყველაფერი კი ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის სახელით ხორციელდება. ლგბტქია+ საზოგადოების წინააღმდეგ მიმართული ასეთი მასშტაბური რეპრესიებში თურქეთში აქამდე არ განხორციელებულა“.

„ჩვენ საგანგებო ვითარებაში ვიმყოფებით – თუ ახლა დავთმობთ, სიბნელე ძალიან დიდხანს დაისადგურებს“ – ამბობს Transpride-ის კომიტეტის წევრი, არჯინ დემირი
„ვფიქრობ, ამ ოპერაციის გზავნილი ასეთია: „გაჩუმდით და არ იხმაუროთ, თორემ პრობლემები შეგექმნებათ“, – განაგრძობს არჯინ დემირი – ეს ლგბტქია+ საზოგადოების ზოგიერთ წევრს აიძულებს, უფრო ფრთხილად იყოს, თუმცა მაინც არ მგონია, რომ ჩვენი გაჩუმება შეძლონ. ჩვენ საგანგებო ვითარებაში ვიმყოფებით – თუ ახლა დავთმობთ, სიბნელე ძალიან დიდხანს დაისადგურებს. ამიტომ, ჩვენი უფლებებისთვის ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ. მთავრობის რიტორიკაში ჰომოფობია აშკარად გაიზარდა, მაგრამ მან მკვეთრად იკლო საზოგადოებაში. ადამიანებს სულ უფრო მეტად ესმით ჩვენი საქმის მხარდაჭერის აუცილებლობა. ოპოზიციური პარტიებიც, ისე როგორც არასდროს, მზად არიან, ჩვენ გვერდით იდგნენ. მე მჯერა თურქეთის ახალი თაობის“.
მომიტინგეები ორშაბათს იზმირში, ხოლო სამშაბათს სტამბოლში, ჩაღლაიანის რაიონში, სასამართლოს შენობასთან შეიკრიბნენ, სადაც უქმეებზე დაკავებულების სასამართლო პროცესი უნდა გამართულიყო. მათი შეკრების მიზანი ბოლო დღეებში ლგბტქია+ საზოგადოების წინააღმდეგ განხორციელებული რეპრესიების გაპროტესტება იყო. ამ შეკრებებს კიდევ ათეულობით ადამიანის დაკავება მოჰყვა.
აიკრძალება თუ არა საჯარო სივრცეში ჰომოსექსუალობის გამოხატვა?
ხელისუფლების რეპრესიები წარმოადგენს ერთგვარ პასუხს ბოლო წლებში ქვეყანაში ლგბტქია+ საზოგადოების სულ უფრო თვალსაჩინო მობილიზებაზე. ეს ბრძოლა ხშირად ფემინისტურ ორგანიზაციებთან და სხვა უმცირესობების წარმომადგენლებთან ალიანსში მიმდინარეობს, რომლებიც ასევე პრეზიდენტ ერდოღანის ისლამისტურ-კონსერვატიული მთავრობის სამიზნეს წარმოადგენენ.

„ბოლო ერთი წლის განმავლობაში მთავრობა სულ უფრო დაჟინებით ავრცელებს ხმებს კანონის შესაძლო მიღების შესახებ, რომელიც ლგბტქია+ უფლებადამცველ ორგანიზაციებს და საჯარო სივრცეში ჰომოსექსუალობის გამოხატვასაც კი აკრძალავს“, – განმარტავს ანე ენდლაუერი. ეს იდეა, რომელსაც პრეზიდენტ ერდოღანის პარტიის ამომრჩევლის ნაწილი მხარს უჭერს, შეშფოთებას იწვევს თურქ უფლებადამცველებში, რომლებსაც ეშინიათ, რომ მთავრობა კიდევ უფრო გააძლიერებს რეპრესიებს განსხვავებული აზრის მქონე პირთა წინააღმდეგ.
„თურქეთი ყოველთვის ახშობდა თავისუფლებებს, – ამბობს არჯინ დემირი – ასე იყო 1980 წლის სამხედრო გადატრიალების შემდეგ და ასეა მას შემდეგაც, რაც ხელისუფლებაში ერდოღანის პარტია მოვიდა. დღეს გამოწვევა თავისუფლების დაცვა კი არა, არამედ ისეთი პირობების შექმნაა, რომ ამ ქვეყანაში ადამიანებმა თავისუფლებით ვერ ისარგებლონ“.
ეს არის ბრძოლა, რომელიც ეხება არა მხოლოდ ლგბტქია+ საზოგადოებას, არამედ თურქული საზოგადოების ყველა იმ ფენას, რომელიც თავის თავს პრეზიდენტ ერდოღანის ნაციონალისტურ და ისლამისტურ-კონსერვატიულ პოლიტიკასთან არ აიგივებს და რომლის წინააღმდეგაც ბოლო ათწლეულის განმავლობაში უწყვეტი რეპრესიები ხორციელდება.