ტურიზმის სექტორი მთავრობასთან შეხვედრას ითხოვს
ტურიზმის სექტორი მთავრობასთან შეხვედრას ითხოვს

კერძო სექტორი, განსაკუთრებით კი, ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები ხელისუფლებასთან შეხვედრას ითხოვს.

ბიზნესმენების განცხადებით, მთავრობის ეკონომიკურ გუნდს დღეს ტურიზმის აღდგენის გზებზე არ უსაუბრია და მზად არიან, თავად შესთავაზონ გეგმა, როგორ განაახლონ მუშაობა უსაფრთხოდ. ბიზნესი, პირველ რიგში, სამთო-სათხილამურო კურორტების გახსნას ითხოვს.

მათი განცხადებით, ზამთრის კურორტები, სხვა კურორტებთან შედარებით, არათანაბარ პირობებში არიან. ბიზნესის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ მზად არიან მთავრობის ყველა რეკომენდაციისა და რეგულაციის დაცვით დამსვენებლები მიიღონ.

როგორც კერძო სექტორში აღნიშნავენ, მათ საკმაოდ დიდი ზარალი მიიღეს, რის გამოც არაერთი კომპანია, სასტუმრო თუ რესტორანი გაკოტრდა და დაიკეტა.

ვიცე-პრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა, რომ სათხილამურო კურორტებზე შეზღუდვები ძალაში რჩება.