ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია - 2022 წელს რუსეთიდან საერთაშორისო ვიზიტორები 52%-ით ნაკლებია, თუმცა არის ქვეყნები, სადაც აღდგენამ პანდემიამდელ მაჩვენებლებს გადააჭარბა
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია - 2022 წელს რუსეთიდან საერთაშორისო ვიზიტორები 52%-ით ნაკლებია, თუმცა არის ქვეყნები, სადაც აღდგენამ პანდემიამდელ მაჩვენებლებს გადააჭარბა

წელს რუსეთიდან საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა 52%-ით ნაკლებია, ვიდრე 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში, – ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა მედეა ჯანიაშვილმა განაცხადა, რომელიც გამოეხმაურა „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიერ მომზადებულ კვლევას, სადაც აღნიშნული იყო, რომ 2022 წელს რუსეთიდან ვიზიტორების შემოსვლის ზრდის ტემპი მნიშვნელოვნად დაჩქარდა.

„მხოლოდ ივლისში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობის მხრივ, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გვაქვს 67%-იანი აღდგენა, ხოლო საერთაშორისო ტურისტებში 80%-იანი აღდგენა. აქვე, აუცილებლად ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ წელს ჩვენ გვაქვს ისეთი ქვეყნები, სადაც აქტიურ მარკეტინგულ კამპანიებს ვახორციელებთ, რომელთა წილმაც 2019 წლის მაჩვენებლებს გადააჭარბა. ეს ქვეყნებია საუდის არაბეთი, ისრაელი, ყაზახეთი. რაც შეეხება უშუალოდ რუსეთს, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ 2019 წელთან მიმართებაში მხოლოდ 48%-ია აღდგენა, იანვარ-ივლისის მაჩვენებლებით 52%-იანი კლება გვაქვს. საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობამ რუსეთიდან 403 ათასი შეადგინა, მაშინ როდესაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მონაცემები იყო 850 ათასი“, – განმარტავს მედეა ჯანიაშვილი.

მისი თქმით, საქართველო სამიზნე ბაზრებზე მარკეტინგულ კამპანიებს აქტიურად აგრძელებს და გარკვეული დადებითი შედეგებიც უკვე სახეზეა.

„ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ჩვენს მიზნობრივ ბაზრებზე მარკეტინგული აქტივობების განხორციელების მიმართულებით და ეს მიზნობრივი ქვეყნებია: გალფის ქვეყნები, ევროპის ქვეყნები, ისრაელი. იანვარ-ივლისში ტოპ ქვეყნებში გვაქვს ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა გერმანია, პოლონეთი, საუდის არაბეთი, ისრაელი. შესაბამისად, ამ ბაზრებზე აქტივობებს ვაგრძელებთ, რათა წლის ბოლომდე უფრო მეტი ტურისტი მივიღოთ“, აცხადებს ჯანიაშვილი.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი ამბობს, რომ პანდემიამდელი პერიოდი, ანუ 2019 წელი არის სამიზნე წელი, რათა მოხდეს მაჩვენებლების აღდგენა, ხოლო შემდეგ ქვეყანა ორიენტირებული იქნება მაჩვენებლების უფრო ზრდაზე, რაც ქვეყანას 2019 წლამდე ჰქონდა.

დატოვე კომენტარი