ტურიზმი საწვავის შესაძენად: ბელგიელები იაფ დიზელს საფრანგეთში ეძებენ, ფრანგები კი ბენზინს იაფად ბელგიაში ყიდულობენ
საილუსტრაციო ფოტო
ერთი კვირის წინათ, ევროპის 11-მა ქვეყანამ გამოაცხადა, რომ სტრატეგიული რეზერვებიდან საწვავის ნაწილს გამოათავისუფლებს და 2027 წლის იანვრის ბოლომდე ბაზარზე გამოიტანს გასაყიდად. აღმოჩნდა, რომ ასეთი განცხადების შემდეგ, საწვავზე ფასების კლება ამ 11 ქვეყანაში ბევრად უფრო შესამჩნევია, ვიდრე სხვაგან.
ბენზინგასამართი სადგური ბელგიის საზღვართან მდებარე პატარა ფრანგულ ქალაქ ჟუმონში. მიუხედავად იმისა, რომ ფრანგულად აქ ყველა თავისუფლად საუბრობს, მათი ნაწილი სულაც არ არის ფრანგი. ბევრი ბელგიელი დიზელს ჟუმონში იმიტომ ასხამს, რომ აქ მისი ფასი ბევრად დაბალია.
„მე ბელგიაში, მერბ-ლე-შატოს მახლობლად, პატარა სოფელში ვცხოვრობ. საყიდლებზე ახლომდებარე დიდ სუპერმარკეტში დავდივარ და, ბუნებრივია, შევამჩნიე, რომ დიზელი, ბელგიასთან შედარებით, აქ უფრო იაფია. ამიტომ საწვავს ჟუმონში ვასხამ“, – ამბობს ერთ-ერთი მძღოლი.
საფრანგეთში დიზელი დაახლოებით 20 ევროცენტით უფრო იაფია, ვიდრე ბელგიაში. სამაგიეროდ, საზღვრის მეორე მხარეს, ბელგიურ ქალაქ ერკელინში ფრანგი მძღოლები ასხამენ ბენზინს, რომელიც იქ უფრო იაფია, ვიდრე საფრანგეთში.
„საფრანგეთში ბენზინი გაცილებით ძვირია, ფასებს შორის სხვაობა 20 ევროცენტსაც კი აღწევს. ბენზინი აქ უფრო იაფია. რადგან მე მანქანაში ბენზინს ვასხამ, ავზის ასავსებად ერკელინში მოვდივარ“.
საწვავის ფასებს შორის სხვაობა, უპირველეს ყოვლისა, გამოყოფილი სტრატეგიული მარაგების მოცულობითა და რეგულირების თავისებურებებით არის განპირობებული. საფრანგეთმა თავისი სტრატეგიული მარაგებიდან ბაზარზე, ჯამში, 10 მილიონი ბარელი დიზელი საბაზრო ფასზე მნიშვნელოვნად იაფად გამოიტანა. ბელგიაში კი ეს რაოდენობა მხოლოდ 260 000 ბარელს შეადგენს და ამიტომ, საწვავი საბაზრო ფასად იყიდება. ბელგიაში ბენზინის შედარებით დაბალი ფასი კი აქციზის დაბალი გადასახადით აიხსნება.