ტურის ცენტრალური მატჩი „საბურთალომ“ მოიგო - „ლოკომოტივის“ მწვრთნელი მსაჯთან კამათისთვის გააძევეს #1TVSPORT
ტურის ცენტრალური მატჩი „საბურთალომ“ მოიგო - „ლოკომოტივის“ მწვრთნელი მსაჯთან კამათისთვის გააძევეს #1TVSPORT

მე-10 ტურის პირველი სათამაშო დღე ტურის ცენტრალური შეხვედრით დასრულდა. „დინამო არენაზე“ გამართულ თბილისურ დერბიში „ლოკომოტივმა“ „საბურთალოს“ უმასპინძლა და დაძაბულ და ნერვულ მატჩში დამარცხდა.

ლოკომოტივმა“ თამაში კარგად დაიწყო და საწყის წუთებში ანგარიშის გახსნის რეალური შანსიც ჰქონდა, მაგრამ ბექა დარცმელიას დარტყმული ბურთი კარს ოდნავ აცდა, ულად-ომარ იმრანის დარტყმის შემდეგ კი სტუმართა მეკარემ ოთარ გოშაძემ მშვენიერი რეაქცია გამოავლინა და „საბურთალო“ გადაარჩინა.

საბურთალომ“ თამაში გამოასწორა და რამდენიმე მწვავე შეტევა განახორციელა. თორნიკე ძებნიაურის, გიორგი გოჩოლეიშვილის და ნიკა მალის მცდელობები უშედეგოდ დასრულდა, მაგრამ 21-ე წუთზე „საბურთალომ“ მაინც გაიტანა. იური ტაბატაძემ საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანს, გურამ კაშიას ორთაბრძოლაც მოუგო, სისწრაფეშიც დაჩაგრა და მახვილი კუთხიდან ზუსტად დაარტყა 0:1.

ამის შემდეგ საგოლე მომენტი ორივე გუნდმა შექმნა. მეორე ტაიმში „ლოკომოტივი“ უპირატესობას ფლობდა, მაგრამ თემურ შონიამ და ირაკლი სიხარულიძემ შანსებით ვერ ისარგებლეს. ცარიელ კარში გატანა გიორგი კოხრეიძეს შეეძლო და შანსი გაანიავა.

მატჩის ბოლოს „ლოკომოტივის“ მთავარი მწვრთნელი გია ჭიაბრიშვილი მსაჯმა კამათისთვის მოედნიდან გააძევა, რამაც ის კიდევ უფრო გააბრაზა და არბიტრთან ინციდენტი მოუვიდა.

საბოლოოდ, „საბურთალომ“ პრინციპულ მეტოქესთან 1:0 მოიგო, 10 ტურის შემდეგ 17 ქულა დააგროვა და ისევ მეოთხე ადგილზეა, რადგან გორის „დილას“ (18) და ბათუმის „დინამოს“ (18) ვერ დაეწია, მაგრამ „ლოკომოტივი“ (14) უკან ჩამოიტოვა.

 


ლოკომოტივი – საბურთალო 0:1


24.04. 2021. თბილისი. „დინამო არენა“

გოლები: 0:1 ი. ტაბატაძე (21. გოჩოლეიშვილის პასით)

ლოკომოტივი: მამარდაშვილი – გაბაძე (57. ქველაძე), კაშია, სანდოხაძე, უბილავა – შონია, დარცმელია – თ. კირკიტაძე (77. მუკბანიანი), სამურკასოვი (57. კახაბრიშვილი), ულად-ომარ იმრანი (66. გავაშელიშვილი), სიხარულიძე

საბურთალო: გოშაძე – მალი, კაკუბავა, მუდრაკი, ლაცაბიძე (61. ჯინჯოლავა) – ტერა (87. ჯგერენაია), ძებნიაური, ლ. ნონიკაშვილი (87. ცნობილაძე) – გოჩოლეიშვილი (69. შულაია), მანდრიჩენკო, ი. ტაბატაძე (69. გ. კოხრეიძე)

მთავარი არბიტრი: ა. აფციაური

გაფრთხილებები: დარცმელია (54), ლაცაბიძე (56), კოხრეიძე (86), უბილავა (90)

გაძევება: გია ჭიაბრიშვილი (90)