ტურინში გამართულ შეხვედრაზე ევროსაბჭოს ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა მოუწოდეს რუსეთს, გაიყვანოს ჯარები უკრაინიდან
ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა ტურინში გამართულ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაადასტურეს მხარდაჭერა უკრაინის მიმართ, ასევე მოუწოდეს რუსეთს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს აგრესია და გაიყვანოს თავისი ჯარები.
„მინისტრებმა კიდევ ერთხელ დაგმეს რუსეთის მიერ ადამიანის უფლებათა და საერთაშორისო სამართლის ყველა დარღვევა, მათ შორის თავდასხმები მშვიდობიან მოსახლეობაზე და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე უკრაინაში, ისევე, როგორც კულტურულ და რელიგიურ მემკვიდრეობაზე და მოუწოდეს რუსეთს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს აგრესია, გაიყვანოს საოკუპაციო ჯარები უკრაინის ტერიტორიიდან და გაათავისუფლოს ყველა გატაცებული მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე იძულებით გადაყვანილი“, – ნათქვამია განცხადებაში.
მინისტრთა კომიტეტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა სრული მხარდაჭერა და სოლიდარობა უკრაინის მიმართ და ურყევი ერთგულება უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. განცხადების მიხედვით, მინისტრთა კომიტეტი განახორციელებს ევროსაბჭოს ხელთ არსებული შესაძლებლობების მობილიზებას, რათა უზრუნველყოს რუსეთის ფედერაციის სრული პასუხისმგებლობა ადამიანის უფლებების დარღვევისთვის.
გარდა ამისა, შეხვედრის მონაწილეებმა აღნიშნეს ევროპის საბჭოს პრიორიტეტების გადახედვის აუცილებლობა ახალი რეალობის გათვალისწინებით და ორგანიზაციის ღირებულებების გაძლიერება მთელ ევროპაში, განსაკუთრებით სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობით, მათ შორის რუსეთსა და ბელარუსში.
„მინისტრთა კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე სამი რეკომენდაცია მიიღო: ქალი ემიგრანტების, ლტოლვილებისა და თავშესაფრის მაძიებელთა უფლებების დაცვის შესახებ; სიძულვილის ენის გამოყენების წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ; გლობალური გამოწვევების გადაჭრის კუთხით კულტურის, კულტურული მემკვიდრეობისა და ლანდშაფტის როლის შესახებ“, – ნათქვამია განცხადებაში.