ტურინის „იუვენტუსს“ სერიოზული სანქციები ელოდება - გუნდის პრეზიდენტი, ვიცე-პრეზიდენტი და ყოფილი სპორტული დირექტორი გამოძიების ფიგურანტები არიან #1TVSPORT
ტურინის „იუვენტუსს“ სერიოზული სანქციები ელოდება - გუნდის პრეზიდენტი, ვიცე-პრეზიდენტი და ყოფილი სპორტული დირექტორი გამოძიების ფიგურანტები არიან #1TVSPORT

ტურინის „იუვენტუსი“ ოფიციალურად გახდა გამოძიების ფიგურანტი ცრუ ანგარიშის საქმესთან დაკავშირებით. ტურინის პოლიციამ ჩხრეკა ჩაატარა კლუბის ოფისში, გამოძიება მიმდინარეობს „იუვენტუსის“ პრეზიდენტის ანდრეა ანიელის, ვიცე-პრეზიდენტის პაველ ნედვედისა და ყოფილი სპორტული დირექტორის ფაბიო პარატიჩის მიმართ.

2006 წელს, „იუვენტუსი“ გახდა იტალიური ფეხბურთის ისტორიაში უმსხვილესი კორუპციული სკანდალის – კალჩოპოლის მიზეზი. ეს ისტორია იტალიის ყველაზე ტიტულოვანი იტალიური გუნდისთვის დამამცირებლად დასრულდა – ტურინელები სერია B-ში დააქვეითეს და ბოლო ორი ჩეპიონობა ჩამოართვეს.

ხმაურიანი სკანდალიდან 15 წლის შემდეგ, „იუვენტუსი“ ახალ ისტორიაში გაეხვა – კლუბის ხელმძღვანელობის მიმართ გამოძიება დაიწყო, გუნდის ოფისში პოლიცია იმყოფებოდა.

რაშია საქმე? „იუვენტუსს“ცრუ ანგარიშის წარმოდგენასა და კაპიტალის ზრდას ედავებიან. საქმეს იძიებს Guardia di Finanza – იტალიური სამართალდამცავი სააგენტო და ძალოვანი უწყება, რომელიც ეკონომიკისა და ფინანსების სამინისტროს შემადგენლობაში შედის. გამოძიება მიმდინარეობს ექვსი ადამიანის მიმართ, მათ შორის არიან – კლუბის პრეზიდენტი ანდრეა ანიელი, ვიცე-პრეზიდენტი პაველ ნედვედი და ყოფილი სპორტული დირექტორი ფაბიო პარატიჩი, რომელიც დღეს „ტოტენჰემში“ მუშაობს.

გამოძიების წინასწარი მონაცემებით, 2018-21 წლებში ხელმძღვანელობამ დაუშვა კლუბის ფინანსური ანგარიშის ფალსიფიკაცია, რამაც უკანონო გამდიდრება გამოიწვია.

ტურინის პოლიციამ მიიღო ჩხრეკის ორდერი და უკვე ესტუმრა „იუვენტუსის“ შტაბ-ბინას – პოლიციელებმა ამოიღეს გამოძიების გასაგრძელებლად საჭირო აუცილებელი დოკუმენტები. მიღებული ინფორმაციის შესწავლით ახლა დაკავებული არიან ფინანსური და ეკონომიკური პოლიციის სპეციალისტები.

ასევე ეჭვს იწვევს ფეხბურთელების გაცვლაზე რამდენიმე გარიგება: მირალემ პიანიჩი არტურზე „ბარსელონაში“ 2020 წლის ზაფხულში, ჟოაო კანსელო დანილოზე „მანჩესტერ სიტიში“ 2019 წლის ზაფხულში, მანოლო პორტანოვა და ელია პეტრელი ნიკოლო როველაზე „ჯენოაში“ 2021 წლის ზამთარში.

როგორც სააგენტო Ansa პროკურატურის მონაცემებზე დაყრდნობით წერს, სამი წლის განმავლობაში კაპიტალის ზრდამ 282 მილიონი ევრო შეადგინა და „ეს ხასიათდება ღირებულების თაღლითურ ზრდად“.

„დღეისთვის მუშაობა მიმდინარეობს იმ ჰიპოთეზის გასარკვევად, რომელიც ეხება ლისტინგური კომპანიებისგან მცდარი შეტყობინებების გავრცელებას და არარსებული ტრანზაქციების ანგარიშების გამოფენას“, – ნათქვამია პროკურატურის პრეს-რელიზში.

ასევე ხორციელდება კრიშტიანო რონალდოსთან ეკონომიკური ურთიერთობების შესწავლა. ამასთან, თავად ფეხბურთელის მიმართ გამოძიება არ წარმოებს. პროკურატურამ მიიღო დავალება – იპოვნოს დოკუმენტები და პირადი საქმეები, რომელიც უკავშირდება რონალდოს კონტრაქტსა და მის სახელფასო დავალიანებას.

ჰიპოთეზა „იუვენტუსსა“ და კრიშტიანო რონალდოს შორის ასეთი კერძო შეთანხმების არსებობის შესახებ გამოძიების მიერ მოპოვებული სატელეფონო საუბრის შინაარსის საფუძველზე წარმოიშვა.

გამოძიება, რომელსაც სახელად „პრიზმა“ დაარქვეს, 2021 წლის მაისში დაიწყო. პირველმა, ვინც ყურადღება მიაქცია „იუვენტუსის“ კაპიტალის ზრდას, გახდა იტალიური კომპანიებისა და ბირჟების ეროვნულმა კომისიამ. მან ლისტინგური კომპანიებისა და დოკუმენტაციის შესწავლა გასული წლის ივლისში დაიწყო.

ამავე პერიოდში ტურინელთა ფინანსური ანგარიშით დაინტერესდა პროფესიული საფეხბურთო კლუბების დამკვირვებელი კომისია. სწორედ მისი დასკვნის შემდეგ გახსნა „იუვენტუსის“ მიმართ საქმე ფედერალურმა პროკურატურამ.