ტუნისში სპეცოპერაციის დროს თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა
ტუნისში სპეცოპერაციის დროს თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა

ტუნისში სპეცოპერაციის დროს თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა. ამის შესახებ საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო „როიტერსი“ ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება. ოპერაცია ტუნისის რესპუბლიკის დედაქალაქ ტუნისში ჩატარდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა თვითმკვლელ ტერორისტს ალყა შემოარტყეს. ქალის სამოსში გამოწყობილ რადიკალს სხეულზე შაჰიდის ქამარი ჰქონდა დამაგრებული. მან თავი სწორედ ამ დროს აიფეთქა. აფეთქების დროს არავინ დაშავებულა.

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ რადიკალი სახელად აიმენ სმირი რამდენიმე ტერაქტთან კავშირში იყო ეჭვმიტანილი და სამართალდამცველები დიდი ხნის განმავლობაში ეძებდნენ.

ტუნისში 2015 წლის შემდეგ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმია შემოღებული. აღნიშნული გადაწყვეტილება ქვეყნის ხელისუფლებამ მუზეუმსა და ტურისტულ სანაპიროზე განხორციელებული ტერორისტული თავდასხმის შემდეგ მიიღო. მაშინ ტერაქტებზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.

საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო „როიტერსის“ ცნობით, საგანგებო მდგომარეობის შემოღების შემდეგ ვითარება მეტნაკლებად სტაბილურია, თუმცა ცალკეულ შემთხვევებში ტერორისტული თავდასხმები მაინც ხდება.