ტულუზამ ლენსტერი დაამარცხა - ჩემპიონთა თასის მეორე ტურის შეჯამება [ვიდეო]
ტულუზამ ლენსტერი დაამარცხა - ჩემპიონთა თასის მეორე ტურის შეჯამება [ვიდეო]

პირველი ჯგუფი

საინტერესო გამოვიდა „ბასის“ და „ვოსფზის“ ინგლისური დერბი. თამაში გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, გუნდებმა ერთმანეთს ხუთ-ხუთი ლელო დაუდეს და მატჩი ფრედ – 35:35 დასრულდა. დაპირისპირება იმითაც იყო გამორჩეული, რომ მის 47-ე წუთზე „ბასი“ ქართველმა ბურჯმა, ზურაბ ჟვანიამ დაალელოვა.

ჯგუფის მეორე მატჩში მაყურებელმა ნამდვილი თრილერი იხილა. „ტულუზამ“ ირლანდიური „ლენსტერი“ შინ მიიღო და მეტოქე ერთი ქულის სხვაობით – 29:28 დაამარცხა. 68-ე წუთზე ფრანგები მეტოქეს ექვსი ქულით ჩამორჩებოდნენ, მაგრამ მაქსიმ მედარდმა გამარჯვების მომტანი ლელო დადო, რომელიც რამოსმა გარდასახა და შეხვედრის დასრულებამდე ანგარიში აღარ შეცვლილა.

ორი ტურის შემდეგ „ტულუზას“  ორი გამარჯვება და რვა ქულა აქვს. „ლენსტერი“ ექვსი ქულით მეორე ადგილზეა. „ბასს“ ოთხი ქულა აქვს, ხოლო ბოლო ადგილზე სამი ქულით ზურაბ ჟვანიას „ვოსფზია“.

მეორე ჯგუფი

მეორე ჯგუფში ორი საინტერესო და დაძაბული მატჩი ვიხილეთ. პირველ შეხვედრაში ფრანგულმა „კასტრმა“ ინგლისურ „ჩიფსს“ უმასპინძლა. მატჩის სტარტზე სტუმრები კორდეროს და კვესიჩის ლელოებით დაწინაურდნენ. ვიალელემ ერთი ლელო გაქვითა, დუმორამ და ლე ბურჰისმა კი საჯარიმოები გაიტანეს და პირველი ტაიმი 19:19 დასრულდა. მიუხედავად იმისა, რომ პირველი ნახევრის მიწურულს ვაიპულუ უხეშობისთვის წითელი ბარათით დაისაჯა და  „კასტრი“ კაცნაკლული დარჩა, ფრანგებმა შეხვედრის მოგება მაინც მოახერხეს. მეორე ნახევრის ერთადერთი ლელო მაფიმ (44′) დადო.

ჯგუფის მეორე მატჩში ირლანდიურ – ინგლისური დაპირისპირება ვიხილეთ. „მანსტერმა“ „გლოსტერს“ შინ მიიღო და მეტოქე დამაჯერებლად დაამარცხა – 36:22. მასპინძლებმა გადამწყვეტი უპირატესობა პირველივე ტაიმში მოიპოვეს, რომელიც 15:3 მოიგეს. „გლოსტერმა“ მეორე ნახევარში გაიბრძოლა, მაგრამ 19 მოპოვებული ქულის სანაცვლოდ 21 გაუშვა. თამაშზე უდიდესი გავლენა ინგლისელთა მგეზავის, დენი სიპრიანის გაძევებამ მოახდინა, რომელმაც 28-ე წუთზე მეტოქე ხელების გარეშე შებოჭა და წითელი ბარათით დაისაჯა.

მეორე ჯგუფს „მანსთერი“ ლიდერობს (შვიდი ქულა), მას კვალში „კასტრი“ (ხუთი ქულა). „გლოსტერი“ ოთხი ქულით მესამე ადგილზეა. ბოლო ადგილოსან „ჩიფსს“ სამი ქულა აქვს.

მესამე ჯგუფი

ჯგუფის ლიდერმა, ლონდონურმა  „სარასენსმა“ ფრანგული „ლიონი“ მარტივად დაამარცხა. ლონდონელებმა მეტოქე შეხვედრის ორივე ნახევარში დაჯაბნეს და საბოლოო ჯამში 29:10 გაიმარჯვეს.

ჯგუფის მეორე შეხვედრა ტურის ბოლო დღეს გაიმართა. კარდიფ „ბლუზის“ და გლასგო „უორიორსის“ დაპირისპირება შოტლანდიელების დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა. „მეომრებმა“ მასპინძლებს სამი უპასუხო ლელო პირველივე ტაიმში დაუდეს და 15:0 დაწინაურდნენ. მეორე ტაიმში გუნდებმა ორ-ორი ლელო დადო და საბოლოო ჯამში, შოტლანდიურმა კლუბმა 29:12 მოიგო.

მეოთხე ჯგუფი

სარაგბო ჩემპიონთა თასის მეორე ტური „ლესტერ თაიგერსის“ და „სქარლეთსის“ დაპირისპირებით გაიხსნა. ინგლისელურმა კლუბმა, პირველი ტაიმი, ველსის და ტომპსონის ლელოების წყალობით, მხოლოდ ორ ქულიანი სხვაობით მოიგო (15:13), თუმცა მატჩის მეორე ნახევარში უდიდესი უპირატესობა მოიპოვა და მეტოქე 45:27 გაანადგურა. საგულისხმოა, რომ მატჩის საუკეთესო მოთამაშე ინგლისის ნაკრების ცენტრი, მანუ ტუილაგი გახდა, რომელიც ტრავმების შემდეგ საუკეთესო ფორმას უბრუნდება.

მეოთხე ჯგუფის მეორე შეხვედრაში ირლანდიური „ალსთერი“ პარიზში „რასინგ 92“-ს ესტუმრა და დიდი ანგარიშით წააგო – 44:12. თამაშის ბედი ამ მატჩშიც მეორე ტაიმში გადაწყდა. შედარებით თანაბარი პირველი ნახევრის შემდეგ „რასინგმა“ მეტოქეს სამი უპასუხო ლელო დაუდო და მეორე გამარჯვება გაიფორმა.

ჯგუფში პირველ ადგილს სწორედ პარიზული კლუბი იკავებს, რომელსაც ცხრა ქულა აქვს. მეორე ადგილზე ხუთი ქულით „თაიგერსია“. მესამე ადგილოსან „ალსთერს“ ოთხი, ხოლო უელსურ „სქარლეთს“ კი მხოლოდ ერთი ქულა აქვს.

მეხუთე ჯგუფი

კვლავ არადამაჯერებლად გამოიყურება ფრანგული გრანდი „ტულონი“. ჩემპიონთა თასის მეორე ტურში ტულონელები ედინბურგს ესტუმრნენ და ადგილობრივ კლუბთან განადგურდნენ. „ედინბურგმა“ მხოლოდ ორი ლელო გაუშვა, თავად მეტოქეს ოთხი დაუდო და 40:14 იმარჯვა.

შეხვედრა დათმო „ტოპ 14“-ის კიდევ ერთმა მონაწილემ. „მონპელიე“, რომლის შემადგენლობაშიც მიხეილ ნარიაშვილი და ლევან ჩილაჩავა ასპარეზობდნენ, „ნიუქასლ ფალკონზს“ ესტუმრა და დაძაბულ მატჩში სამ ქულიანი ჩამორჩენით დამარცხდა. მასპინძლებმა 10 ქულიანი უპირატესობა პირველივე ტაიმში მოიპოვეს და მიუხედავად იმისა, რომ მატჩის მეორე ნახევარში „მონპელიე“ დომინირებდა, გამარჯვება მაინც მოახერხეს.

მეხუთე ჯგუფის პირველ ადგილზე „ფალკონსია“. ინგლისურ კლუბის ანგარიშზე რვა ქულაა. „ედინბურგი“ ინგლისელებს მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩება. „მონპელიე“ ხუთი ქულით მესამე ადგილს იკავებს, „ტულონი“ მეოთხე ადგილზეა და მხოლოდ ერთი ქულა აქვს.