ტულსი გაბარდი ბარაკ ობამასა და აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ყოფილ მაღალჩინოსნებს ტრამპის წინააღმდეგ შეთქმულებაში ადანაშაულებს, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ გაბარდმა შესანიშნავი სამუშაო შეასრულა
ტულსი გაბარდი ბარაკ ობამასა და აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ყოფილ მაღალჩინოსნებს ტრამპის წინააღმდეგ შეთქმულებაში ადანაშაულებს, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ გაბარდმა შესანიშნავი სამუშაო შეასრულა

აშშ-ის ეროვნული დაზვერვის ხელმძღვანელი ტულსი გაბარდი ბარაკ ობამასა და აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ყოფილი მაღალჩინოსნების მიმართ გამოძიების დაწყებას ითხოვს.

გაბარდი მათ შეთქმულებაში ადანაშაულებს, რომელიც, მისი თქმით, მიზნად ისახავდა ეჩვენებინა, რომ დონალდ ტრამპის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება რუსეთის ჩარევის შედეგი იყო.

გაბარდის თქმით, ობამამ და მისი ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებმა „საფუძველი ჩაუყარეს მრავალწლიან სახელმწიფო გადატრიალებას“ ტრამპის წინააღმდეგ.

„ინფორმაცია, რომელსაც ვაქვეყნებთ, ნათლად გვაჩვენებს, რომ 2016 წელს უმაღლესი დონის ოფიციალური პირები ჩართულები იყვნენ ღალატის ტოლფას შეთქმულებაში. მათი მიზანი ამერიკელი ხალხის ნების შელახვა და პრეზიდენტისთვის ხალხის მიერ მიცემული მანდატის შესრულების შეფერხება იყო. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად ძლიერები არიან. ყველა პირის საქმე, რომელიც ამ შეთქმულებაში მონაწილეობდა, უნდა გამოიძიონ და გაასამართლონ ისინი, რათა ასეთი რამ აღარასოდეს მოხდეს. ამერიკელი ხალხის რწმენა და ნდობა ჩვენი დემოკრატიული რესპუბლიკის მიმართ და, შესაბამისად, ჩვენი ერის მომავალი ამაზეა დამოკიდებული“,- წერს გაბარდი.

აღნიშნულს გამოეხმაურა დონალდ ტრამპი და განაცხადა, რომ გაბარდმა შესანიშნავი სამუშაო შეასრულა.

„შესანიშნავი სამუშაო შეასრულა ახალგაზრდა და ნიჭიერმა ჰარისონ ფილდსმა FoxNews-ზე. ამან ფანტასტიკური როლი ითამაშა ობამას და იმ „ბანდიტების“ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის წარმოებაში, რომლებიც ახლახან ცალსახად გამოაშკარავდნენ არჩევნების გაყალბებაში. ვულოცავ ტულსი გაბარდს. განაგრძეთ!!!” – წერს ტრამპი.