ტულსი გაბარდი აცხადებს, რომ სადაზვერვო ინფორმაციის გავრცელებისა და მანიპულაციის გამო, დაზვერვის 37 მოქმედ და ყოფილ თანამშრომელს საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომა გაუუქმა
აშშ-ის ეროვნული დაზვერვის ხელმძღვანელმა, ტულსი გაბარდმა განაცხადა, რომ დაზვერვის სამსახურის 37 მოქმედ და ყოფილ თანამშრომელს საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომა გაუუქმა. ამის შესახებ გაბარდმა სოციალურ ქსელში დაწერა.
ტულსი გაბარდი აღნიშნულ პირებს სადაზვერვო ინფორმაციის პოლიტიზებასა და ინფორმაციით მანიპულაციაში, ასევე ნებართვის გარეშე საიდუმლო ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს. მისი თქმით, ამ პირებმა კონსტიტუციის წინაშე ფიცი გატეხეს, ამერიკელი ხალხის ინტერესების წინ საკუთარი ინტერესები დააყენეს და ძირი გამოუთხარეს ეროვნულ ინტერესებს.
„საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომა არის პრივილეგია და არა უფლება. მათ, ვინც სადაზვერვო საზოგადოებაში კონსტიტუციის წინაშე დადებულ ფიცს უღალატეს და საკუთარი ინტერესები ამერიკელი ხალხის ინტერესების წინ დააყენეს, დაარღვიეს წმინდა ნდობა, რომლის დაცვის პირობა დადეს. ამით მათ ძირი გამოუთხარეს ეროვნულ ინტერესებს და ამერიკელი ხალხის უსაფრთხოებას, ასევე დემოკრატიული რესპუბლიკის ფუნდამენტურ პრინციპებს. პრეზიდენტის მითითებით, ეროვნული დაზვერვის ოფისის დირექტორმა გასცა საიდუმლო ინფორმაციის წვდომის ჩამორთმევის განკარგულება დაზვერვის სამსახურის 37 მოქმედი და ყოფილი თანამშრომლისთვის, რომლებმაც ბოროტად გამოიყენეს საზოგადოების ნდობა სადაზვერვო ინფორმაციის პოლიტიზებით და მანიპულაციით, საიდუმლო ინფორმაციის ნებართვის გარეშე გასაჯაროებით ან/და პროფესიული ეთიკის სტანდარტების განზრახ დარღვევით“, – წერს ტულსი გაბადი.
„ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში ტულსი გაბარდმა ისაუბრა, რომ დაზვერვის სამსახურის თანამშრომლებმა მანიპულაციურად გამოიყენეს სადაზვერვო მონაცემების ნაწილები 2016 წლის არჩევნებში რუსეთის ჩარევის საქმის შესაქმნელად დონალდ ტრამპის წინააღმდეგ. ტულსი გაბარდის თქმით, აღნიშნული 37 პირი მონაწილეობდა ამ ქმედებებში, რასაც ის დემოკრატიის წინააღმდეგ ძირის გამომთხრელ შეთქმულებას უწოდებს.
ჟურნალისტის კითხვაზე, არსებობენ თუ არა „დიფ სთეითის“ აქტორები, რომლებიც აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენის ქონას ცდილობენ, გაბარდმა უპასუხა, რომ ასეთი ადამიანები სადაზვერვო საზოგადოებაში არსებობენ.
„დიახ, ჩვენ გვყავს ადამიანები სადაზვერვო საზოგადოებაში. თუ შევხედავთ იმის მაგალითს, თუ ვის დაავალა პრეზიდენტმა ობამამ ეს ამოცანა, ჯონ ბრენანდი, ჯეიმს კლერეი, ჯეიმს კომი, უმაღლეს დონეზე, ასევე ვინც დაზვერვაში კარიერისტებად მუშაობდნენ, ვინც არ ეწინააღმდეგებოდნენ მათ მანიპულაციას, სადაზვერვო მონაცემების გაყალბებას. ყველაფერი მიდის მათი პარტიული ინტერესებისკენ, რომ ისინი არ იყვნენ კმაყოფილები ამ არჩევნების შედეგებით და მზად იყვნენ, ყველაფერი გაეკეთებინათ, რათა ძირი გამოეთხარათ პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციისთვის მისი პირველი ვადის დროს. ისინი არიან ცუდი აქტორები, რომლებიც უნდა ამოიძირკვონ. ამაზე დამოკიდებულია ჩვენი ეროვნული ინტერესები. ამერიკელი ხალხის ნდობის აღდგენა შესაძლებელია მხოლოდ ამ ცუდი აქტორების გამოვლენით და მათი პასუხისგებაში მიცემით. ეს არის ის, რისი გაკეთებაც პრეზიდენტ ტრამპს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი“, – თქვა ტულსი გაბარდმა.