„ტულონმა“ „სტად ფრანსე“ დაამარცხა – მატჩის გმირი ფილიპო ნაკოსი გახდა
Filipo Nakosi of Toulon during the Top 14 match between Toulon and Stade Francais at Felix Mayol Stadium on January 27, 2019 in Toulon, France. (Photo by Wallis/Icon Sport via Getty Images)
საფრანგეთის Top 14-ის მე-15 ტურში „ტულონი“ „სტად ფრანსეს“ დაუპირისპირდა და მეტოქე დრამატულ მატჩში ანგარიშით 33-30 დაამარცხა. მამუკა გორგოძე ძირითად შემადგენლობაში იყო და 61-ე წუთზე მსაჯთან შეკამათებისთვის ყვითელი ბარათით დაისაჯა. შეხვედრის გმირი ფიჯელი ფრთა – ფილიპო ნაკოსი გამოდგა, რომელმაც მეორე ნახევარში დუბლი გაიფორმა და საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში მყოფ ტულონელებს გამარჯვება მოუტანა.
ნაკოსიმ ლელოები 53-ე და 79-ე წუთებზე დადო და ორივე მათგანი ძალიან ეფექტური გამოუვიდა. პირველ შემთხვევაში თანაგუნდელის წამოწყებული შეტევა გააგრძელა, პარიზელთა მგეზავი ნიკოლა სანჩესი კონტაქტით მოიცილა და ბურთი მეტოქის ლელოში დაამიწა.
არანაკლებ შთამბეჭდავი იყო მეორე ლელო, როდესაც ლიამ მესემის გადაცემის შემდეგ ფიჯელმა ბურთი ფეხით გადაიკიდა, 80 მეტრი ირბინა და საკუთარ გუნდს გამარჯვება მოუტანა.
15 ტურის შემდეგ „ტულონს“ 28 ქულა აქვს და მე-11 ადგილზე იმყოფება. პარიზული კლუბი კი 42 ქულით საპლეიოფო ზონის ბოლო, მეექვსე ადგილს იკავებს.