ტუხელი - შანსები თანაბარია
ტუხელი - შანსები თანაბარია

თომას ტუხელმა დაადასტურა, რომ ედინსონ კავანი ჩემპიონთა ლიგის პირველ მატჩს გამოტოვებს და ურუგვაელს ოლდ ტრაფორდზე ვერ ვიხილავთ. პარი სენ-ჟერმენის მწვრთნელმა  ჟურნალისტებთან სხვა საინტერესო საკითხებზეც ისაუბრა.

„ნეიმარი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელია ჩვენთვის და მისი ჩანაცვლება უბრალოდ შეუძლებელია. გაუჭირდებოდა თუ არა მანჩესტერ იუნაიტედს პოგბას გარეშე? რა თქმა უნდა. გაუჭირდებოდათ თუ არა მათ რეშფორდის გარეშე? რა თქმა უნდა. ამ დონის ფეხბურთელების ჩანაცვლება უბრალოდ შეუძლებელია“, – ამბობს ტუხელი. – „ნეიმარის გარეშე თამაში ძალიან გაგვიჭირდება, მაგრამ, სამწუხაროდ, მასთან ერთად კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გამოგვაკლდება – ედი კავანი. რაც შეეხება ვერატის, მას მხოლოდ სამოცი წუთის თამაში შეუძლია. მართალია, ჯერ კიდევ გვყავს მბაპე, მაგრამ მთელ ტვირთს მხოლოდ მას ვერ დავაკისრებთ. თუმცა მას თავისი შესაძლებობები აქვს და შესაბამისად თავისი დავალებებიც. ის კავანისა და ნეიმარის ჩამნაცვლებელი ვერ იქნება, სამივე ფორვარდის ფუნქციებს ვერ შეითავსებს. ის თავისუფალი უნდა იყოს, რათა თავისი თამაში ითამაშოს, რათა თავდაჯერებულობა არ დააკლდეს და მინდა, რომ ამაში მაქსიმალურად დავეხმარო. ეს ყველაფერი კი ნიშნავს იმას, რომ კილიანს შესაბამისი გვერდში დგომა და პასები სჭირდება. ჩემი აზრით, მან კარგი განწყობით უნდა ითამაშოს. პოზიტიურად უნდა დარჩეს და გაიაზროს, რომ აქ არის და ეს ყველაფერი მისი განვითარების ნაწილია. ვფიქრობ,მის კარიერაში უდიდესი მატჩი იქნება. ჩვენ შემტევ ფეხბურთს ვთამაშობთ, პსჟ ვართ და სწორედ ასეთ თამაშებს ვართ შეჩეული. ამის შეცვლა კი ძალიან რთულია. თუმცა, მიუხედავად ამისა, ვიცი, რომ მატჩში იქნება მომენტები, როცა დაცვის გაძლიერება მოგვიწევს, რადგან წინასწარვე ვიცი, რომ არც “იუნაიტედი” დააკლებს შეტევას. ისინი ბევრი ფორვარდით თამაშობენ, ასე რომ წინასწარ ვემზადები იმისთვის, რომ რაღაც მომენტში დაცვით სტილზე მოგვიწევს გადართვა.გერმანიაში ამგვარი ფრაზა გვაქვს – თუ ექიმთან მიდიხარ და ის შენს განკურნებას შეძლებს, ესე იგი ის მართალია. როგორ მოახერხებს ექიმი ამას, ეს არავის ანაღვლებს. რადგანაც ტკივილი მოშუშდება, ესე იგი მან თავის საქმე გააკეთა. ასე რომ თუ ოლე გუნარი მატჩებს იგებს ის სწორ გზას ადგას. თუ მთლიან 180 წუთს მოვიაზრებთ, იმასაც გეტყვით რომ მოგებისა და გასვლის შანსები 50/50-ზეა“, – დაასრულა ტუხელმა.