ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის დირექტორი აცხადებს, რომ კლინიკაში ცხელების ცენტრის ფუნქციონირება ტუბერკულოზით დაავადებულ პაციენტებს საფრთხეს არ უქმნის
ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის დირექტორი აცხადებს, რომ კლინიკაში ცხელების ცენტრის ფუნქციონირება ტუბერკულოზით დაავადებულ პაციენტებს საფრთხეს არ უქმნის

ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის დირექტორის, ზაზა ავალიანის განცხადებით, მათი კლინიკა ამჟამად ცხელების ცენტრის ფუნქციასაც ითავსებს.

როგორც ავალიანმა განაცხადა, კლინიკაში გახსნილ ცხელების ცენტრში კორონავირუსზე საეჭვო სიმპტომების მქონე პაციენტები შეჰყავთ, რომლებსაც მედიკოსები სათანადო დახმარებას უწევენ და მიმდინარეობს პაციენტებზე შემდგომი დაკვირვების პროცესი.

„ტუბერკულოზოსა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრი თავისი ძირითადი ფუნქციის გარდა მუშაობს ცხელების ცენტრის რეჟიმში. ეს იმას ნიშნავს, რომ იმ პაციენტებს, ან იმ პირებს, ვისაც აღენიშნება საეჭვო სიმპტომები, ვისაც სასწრაფო დახმარება და საგანგებო სიტუაციების სამსახური მოიყვანს ჩვენთან, მათ ჩვენი ექიმები აკვირდებიან და აფასებენ. შემდგომ თუ ტესტირებით დადასტურდება, რომ ისინი კოვიდინფიცირებულები არიან, გადაგვყავს იმ კლინიკებში, სადაც მათი მკურნალობა გრძელდება“, – განაცხადა ავალიანმა.

მისივე თქმით, 26 თებერვლიდან კლინიკა მუშაობდა საკარანტინო რეჟიმში, ხოლო შემდგომ ფუნქციონირება ცხელების ცენტრის რეჟიმში გაგრძელდა.

როგორც ავალიანმა აღნიშნა, კლინიკაში კვლავაც გადიან მკურნალობას პაციენტები ტუბერკულოზოს ეროვნული პროგრამით, რომელიც ცხელების ცენტრის გახსნის მიუხედავად არ შეჩერებულა.

ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის დირექტორი აცხადებს, რომ კლინიკაში ცხელების ცენტრის ფუნქციონირება ტუბერკულოზით დაავადებულ პაციენტებს საფრთხეს არ უქმნის.

„კატეგორიულად ვთხოვ, პრესას და მასობრივი ინფორმაციის ყველა საშუალებას, გადაუმოწმებელ ინფორმაციას ნუ გაავრცელებენ. ეს შეიძლება საზიანო იყოს არა მხოლოდ კოვიდინფიცირებულებისა და მათი ოჯახებისთვის, არამედ მედპერსონალისა და იმ პაციენტებისთვის, რომლებიც აქ მკურნალობას გადიან ტუბერკულოზოს ეროვნული პროგრამით. ეს პროგრამა არც ერთი წუთით არ გაჩერებულა. ჩვენ ყველა პირობას ვუქმნით ტუბერკულოზოთ დაავადებულ პაციენტებს, რომ მათ ჯანმრთელობას არ შეექმნას ზიანი ამ ტიპის ინფექციით“, – განაცხადა ავალიანა.

მისივე თქმით, მათი ცხელების ცენტრიდან კორონავირუსის დიაგნოზით სამი ადამიანია გადაყვანილი კოვიდის მიმღებ სხვადასხვა კლინიკაში.

„ამჟამად ის პაციენტები უკვე დადგენილი დიაგნოზით აგრძელებენ მკურნალობას“, – განაცხადა ავალიანმა.

ამასთან, როგორც ტუბერკულოზის ეროვნულ ცენტრის დირექტორმა აღნიშნა, ამჟამად მათი ცხელების ცენტრში ცხრა პაციენტია მოთავსებული, რომლებსაც კორონავირუსისთვის დამახასიათებელი საეჭვო სიმპტომები აღენიშნებათ.

„ამჟამად, ჩვენთან დაკვირვების ქვეშ იმყოფება ცხრა პიროვნება. ეს არ არის მხოლოდ დაკვირვების რეჟიმი მათთვის, ვისაც გადაუდებელი სამედიცინო დახმარება სჭირდება. ჩვენ აქვე ვიწყებთ მკურნალობის გარკვეულ ციკლს, ხოლო შემდგომ, როდესაც ჩვენი სამსახურები საეჭვო პაციენტებს აუღებენ ცხვირ-ხახის ტესტს, თუ კვლავ საეჭვო აღმოჩნდება, უტარდებათ განმეორებითი ტესტი.

ჩვენი კლინიკა ფუნქციონირებს ყველა იმ სტანდარტით, რომელიც შეეფერება ინფექციის კონტროლს. პრაქტიკულად, ეს არის ბოქსირებული სივრცეები, ანუ ცალკე გამოყოფილი სივრცეები, სადაც ეს პაციენტები იმყოფებიან. პერსონალი აგრძელებს მუშაობას ყველა წესისა და რეკომენდაციის დაცვით“, – განაცხადა ავალიანმა.