თუ არ გტკივა, ზინჩენკოს ცრემლებს ვერ გაიგებ - უკრაინელთა მწვრთნელმა შოტლანდიასთან მოგება თავისუფლებისთვის მებრძოლებს მიუძღვნა #1TVSPORT
უკრაინის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის 2022 წლის პლეი-ოფის ნახევარფინალში გლაზგოში შოტლანდია 3:1 დაამარცხა და ფინალში გავიდა. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ოლეკსანდრ პეტრაკოვმა მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე ემოციური კომენტარი გააკეთა და მკაცრად უპასუხა შოტლანდიელ ჟურნალისტს, რომელიც ვერ მიხვდა, რატომ აუცრემლდა ოლეკსანდ ზინჩეკოს მატჩამდელ პრესკონფერენციაზე თვალები.
„რას ნიშნავს ეს მოგება ჩემთვის? ემოციები მოედანზე დარჩა. მაგრამ ეს გამარჯვება არის არა ჩემთვის, არამედ გუნდისთვის, ქვეყნისთვის. ჩვენი ქვეყნისთვის ეს გამარჯვება ბევრს ნიშნავს.
უკრაინის ნაკრებმა თამაშით გაგაკვირვათ? გმადლობთ, რომ ჩვენი შრომა დააფასეთ. ფეხბურთი გუნდური თამაშია. ჩემმა ბიჭებმა გამარჯვებისთვის ყველაფერი გააკეთეს. მათ ითამაშეს და მადლობა უნდა ვუთხრათ. მე ვფიქრობ, რომ ახლა უკრაინაში ყველა ის ადამიანი, რომელიც სანგრებში და საავადმყოფოებში არიან, ამ ბიჭებს მადლობას უხდიან და ტაშს უკრავენ, რომ გავიმარჯვეთ. ეს მხოლოდ ბიჭების გამარჯვებაა, ეს ყველაფერი მათ გააკეთეს.
რას ვეტყვი მათ, ვინც ახლა უკრაინას იცავს? დღეს მათთვის ვითამაშეთ. ბიჭებს მოედანზე გასვლამდე ვუთხარი, რომ უბრალო ხალხისთვის, ქვეყნისთვის და ჩვენი დაზარალებული გულშემატკივრებისთვის ვთამაშობდით. პატარა ნაბიჯი გადავდგით და ფინალში გავედით. ახლა გველის უელსთან შეხვედრა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რაც შეგვიძლია. ჩვენ ვამაყობთ, რომ უკრაინელები ვართ, რომ ამ რთულ დროს უკრაინას ვასახელებთ.
დიდი მადლობა მინდა გადავუხადო შოტლანდიას. ძალიან კარგად მიგვიღეს. 31 მაისის დილას გლაზგოს ქუჩებში გავიარე, ხალხი მოვიდა და წარმატებები გვისურვა. მადლობას გიხდით ამ სტუმართმოყვარეობისთვის და გისურვებთ თქვენს გუნდს და მთავარ მწვრთნელს, სტივ კლარკს ყოველივე საუკეთესოს.
რატომ ვერ შეიკავა ზინჩენკომ ცრემლები შოტლანდიასთან თამაშამდე პრესკონფერენციაზე? ის ძალიან პატრიოტი ბიჭია და ყველაფერი გულთან ახლოს მიაქვს. ის გულწრფელი უკრაინელია, ძალიან დამწუხრებულია ჩვენთან მიმდინარე ომით.
ასე გეტყვით – ღმერთმა არ ქნას, რომ ასეთი მწუხარება თქვენს მიწაზეც მოვიდეს. თუ არ გტკივა, ვერ გაიგებ. უამრავი ადამიანი დავკარგეთ. ხედავდით, როგორ ემოციურად საუბრობდა ზინჩენკო ომზე? ეს გულწრფელად, გულიდან მომდინარე სიტყვები იყო. მადლობა გლაზგო. წავედით უელსში“, – ემოციურად ისაუბრა ოლექსანდრე პეტრაკოვმა.
უკრაინა შოტლანდიის დამარცხებით, 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი პლეი ოფის ფინალში გავიდა. გადამწყვეტ შეხვედრაში უკრაინა უელსს დაუპირისპირდება. მატჩი 5 ივნისს კარდიფში გაიმართება.