თსუ-ში ანგელა მერკელისა და სტუდენტების შეხვედრა მიმდინარეობს [ფოტო]
თსუ-ში ანგელა მერკელისა და სტუდენტების შეხვედრა მიმდინარეობს [ფოტო]

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი სტუდენტებს ხვდება. შეხვედრა თსუ-ს რექტორმა გიორგი შარვაშიძემ გახსნა.

როგორც გიორგი შარვაშიძემ აღნიშნა, თსუ გერმანიის 25 უნივერსიტეტთან თანამშრომლობს.

„დღეს ძალიან საინტერესო დღე და შეხვედრა გველოდება. გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა გამონახა დრო და შეძლო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოსვლა. ჩვენი უნივერსიტეტი 100 წლის არის, ჩვენ 100 წლის ახალგაზრდა უნივერსიტეტი ვართ, როგორც ვამბობთ ხოლმე, ეს უნივერსიტეტი დაარსებული იყო თავის დროზე იმ პროფესორებით, ვინც გერმანიაში განათლება მიიღო, იმ სულისკვეთებით, რომელიც მათ ჩამოიტანეს გერმანიიდან და იმ მოდელით, რომელიც იმ დროისთვის იყო გერმანული მოდელი. აქედან დაწყებული, ძალიან ბევრი გერმანული უნივერსიტეტი ჩვენი პარტნიორია“, – განაცხადა თსუ-ს რექტორმა.

როგორც შარვაშიძემ განაცხადა, თბილისში მე-12 წელიწადია, საქართველო-გერმანიის სამეცნიერო ხიდი ამოქმედდა.

„ჩვენთან მოქმედებს ფიზიკის საერთაშორისო სკოლა, სადაც 52 გერმანელი პროფესორია ჩამოსული. ძალიან ბევრი ქართველი სტუდენტი გადის შერჩევას, რათა გერმანიაში გააგრძელოს სწავლა. გვაქვს კოტიტელის პროექტი, რის მიხედვითაც მათ აქვთ შანსი, სადოქტორო ხარისხი მიიღონ გერმანიაში, შემდეგ ბრუნდებიან საქართველოში და საქმდებიან იმ ლაბორატორიებში, რომლებიც იხსნება თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტში. იმედი მაქვს, რომ გაგრძელდება ჩვენი თანამშრომლობა და როგორც ვთქვით, წელიწადში ერთი ლაბორატორიის გახსნას ვაპირებთ“, – განაცხადა შარვაშიძემ.