თსუ-ს 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიებები გაიმართება
თსუ-ს 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიებები გაიმართება

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით დღეს სხვადასხვა ღონისძიება გაიმართება.

10:00-დან 12:30 საათამდე უნივერსიტეტის სტუმრებს თსუ-ს სააქტო დარბაზში საიუბილეო ალბომში სამახსოვრო ჩანაწერების გაკეთებისა და თსუ-სთვის სამახსოვრო საჩუქრების გადაცემა შეეძლებათ.

09:50 საათზე დაგეგმილია ფოტოსესია, ხოლო 10:10 საათზე უნივერსიტეტის ლოგო გაიხსნება.

10:30 საათზე უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში საზეიმო ცერემონია დაიწყება და 12:40 საათამდე გაგრძელდება.

უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, 13:10-დან 14:30 საათამდე საქართველოს პარლამენტის შენობაში, პარლამენტის სახელით საზეიმო მიღება გაიმართება.

15:00 საათზე კი სამების საკათედრო ტაძარში დაგეგმილია თსუ-ს 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი პარაკლისი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორეს სახელით.

8 თებერვალს საიუბილეო ღონისძიებები გალა კონცერტით დასრულდება, რომელიც თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში 18:00 საათზე დაიწყება. კონცერტის პირდაპირ ტრანსლაციას პირველი არხი შემოგთავაზებთ.

9 თებერვალს 10:00 საათიდან საზეიმო ღონისძიებები თსუ-ს საიუბილეო ალბომში სამახსოვრო ჩანაწერების გაკეთებითა და თსუ-სთვის სამახსოვრო საჩუქრების გადაცემით განახლდება.

10:00-დან 13:40 საათამდე, უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში გაიმართება სიმპოზიუმი „უმაღლესი განათლების პერსპექტივა: წარსულის გაცოცხლება და ფიქრი მომავალზე“.

16:00 საათზე დაგეგმილია თსუ-ს საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების ცერემონიალი.

19:00 საათზე კი ქალაქ თბილისის საკრებულოს შენობაში, დედაქალაქის მერის სახელით მიღება გაიმართება.

22:00 საათიდან – „ღამე საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში“.

23:30 საათიდან კი ღამის კლუბ „სფეისჰოლში“ კლუბური ცეკვების საღამო გაიმართება.

უნივერსიტეტის 100 წლის იუბილე წელს „იუნესკოს“ ეგიდით იმართება. აღნიშნული გადაწყვეტილება გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციამ პარიზში გენერალური კონფერენციის 39-ე სესიაზე მეგობარი ქვეყნების მხარდაჭერით მიიღო.

კავკასიაში პირველი ეროვნული უნივერსიტეტი 1918 წლის 26 იანვარს (ახალი სტილით, 8 თებერვალს) დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს გაიხსნა.

100 წლის იუბილეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ხვდება როგორც ქვეყნის უმნიშვნელოვანესი სასწავლო და სამეცნიერო–კვლევითი დაწესებულება, სადაც ყოველწლიურად 200–მდე ადგილობრივი და საერთაშორისო მასშტაბის სამეცნიერო საგრანტო პროექტი ხორციელდება და  22 ათასამდე ქართველი და 600-მდე უცხოელი სტუდენტი სწავლობს.