თსუ - აქციის მონაწილეებმა ფიზიკური ზეწოლით დაიკავეს რექტორატი, რა დროსაც დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები დაშავდნენ, მათგან ოთხი გადაყვანილია კლინიკაში
თსუ - აქციის მონაწილეებმა ფიზიკური ზეწოლით დაიკავეს რექტორატი, რა დროსაც დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები დაშავდნენ, მათგან ოთხი გადაყვანილია კლინიკაში

დღეს უნივერსიტეტში სტუდენტთა მცირე ჯგუფის და გარეშე პირების საპროტესტო გამოსვლისას არაერთ ძალადობრივ ქმედებას ჰქონდა ადგილი. აქციის მონაწილეებმა ფიზიკური ზეწოლით დაიკავეს რექტორატი, რა დროსაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები დაშავდნენ, –  ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის განცხადებაშია ნათქვამი.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ უნივერსიტეტის ოთხი თანამშრომელი გადაყვანილია კლინიკაში.

ამასთან, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მოუწოდებს მოუწოდებს ახალგაზრდებს, დატოვონ რექტორატი, დაუბრუნდნენ კონსტრუქციულ დიალოგსა და სასწავლო პროცესს.

„ოთხი თანამშრომელი გადაყვანილია კლინიკაში. ასევე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს პროფესურას, დეკანს. ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ ამ ძალადობის მონაწილენი იყვნენ როგორც სხვა უნივერსიტეტების სტუდენტები, ასევე გარეშე პირები. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ემიჯნება ასეთ ძალადობრივ ქმედებებს და მოუწოდებს ახალგაზრდებს, დატოვონ რექტორატი, დაუბრუნდნენ კონსტრუქციულ დიალოგსა და სასწავლო პროცესს. სტუდენტების ამ ჯგუფთან არაერთი შეხვედრა გამართა რექტორმა, რექტორის მოადგილემ, კანცლერმა, ფაკულტეტებისა და ადმინისტრაციული დეპარტამენტების წარმომადგენლებმა“, – ნათქვამია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის განცხადებაში.