ტრიქოტილომანია — ახალი კვლევა განმარტავს, რატომ განიცდიან ადამიანები თმების ამოგლეჯის ძლიერ სურვილს #1tvმეცნიერება
ტრიქოტილომანია (თავზე, წარბებზე, წამწამებზე ან სხვაგან თმის ამოგლეჯა) ახალი დაავადება არ არის.
ისტორიული დოკუმენტების თანახმად, წერილობით წყაროებში ის პირველად ნახსენებია ჰიპოკრატეს ეპიდემიები III-ში, ძვ. წ. 410 წელს. დაახლოებით ძვ. წ. 350 წელს, არისტოტელე ნიკომაქეს ეთიკაში წერდა მანკიერებებზე, რომლებშიც ახსენებდა „თმის ამოგლეჯის ან ფრჩხილების კვნეტის ჩვევას“.
ტრიქოტილომანიას თმის ამოგლეჯის აშლილობასაც უწოდებენ და კლასიფიცირდება, როგორც სხეულზე ორიენტირებული განმეორებადი ქცევა, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს თმის ცვენა და მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური ან სოციალური დარღვევები.
ის აშშ-ში მოსახლეობის 1-2 პროცენტს აწუხებს, ორივე სქესში თანაბრად და ხშირად გვხვდება ჯანმრთელობის ისეთ სხვა მდგომარეობებთან ერთად, როგორიცაა შფოთვა და დეპრესია, პოსტტრავმული სტრესული აშლილობა (PTSD), ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა (OCD) და ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის აშლილობა (ADHD).
ტრიქოტილომანიის ერთ-ერთი გავრცელებული ახსნაა ემოციური რეგულირება — რომ თმის ქაჩვა ეხმარება ადამიანს გაუმკლავდეს ისეთ უსიამოვნო გრძნობებს, როგორიცაა შფოთვა, დაძაბულობა ან იმედგაცრუება და შვება იგრძნონ რაიმე ქმედების დასრულების შემდეგ.
თუმცა, წინა კვლევებმა ემოციური რეგულირების იდეასთან შეუსაბამო მტკიცებულებები დადო, რადგან თმის ქაჩვა ასევე შეიძლება ხდებოდეს მაშინაც, როცა ვინმეს ყურადღება გაფანტული აქვს ან ვერც კი აცნობიერებს, რომ ამას აკეთებს.
რეალურ დროში მიმდინარე მოვლენების უკეთ გასაგებად, ჰაიდელბერგის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის მკვლევრები 10 დღის განმავლობაში აკვირდებოდნენ ტრიქოტილომანიის მქონე 61 ზრდასრულ ადამიანს.
„არსებულ კვლევათა უმრავლესობა ძირითადად ფოკუსირებულია ქცევაზე და უგულებელყოფს იმ სურვილსა და ძირითად ფაქტორებს, რომლებიც შეიძლება მასზე ახდენდეს გავლენას“, — წერს ჯგუფი პუბლიკაციაში.
ამიტომ, მკვლევრებმა გადაწყვიტეს, მეტი გაერკვიათ ამ სურვილისა და მისი შედეგების შესახებ.
იმის ნაცვლად, რომ მონაწილეებს ყოველ საღამოს დღიურში ჩანაწერი გაეკეთებინათ თავიანთი დღის გასახსენებლად (ამ ტიპის მონაცემების შეგროვების გავრცელებული გზა), მკვლევრებმა გამოიყენეს ეკოლოგიური მომენტალური შეფასება.
ეს მიდგომა ადამიანებს ახსენებს თავიანთი გრძნობები და მოქმედებები იმწამსვე ჩაიწერონ და არა ისინი საათების შემდეგ გაიხსენონ.
კვლევის მონაწილეები დღეში შვიდ შეხსენებას იღებდნენ დილის 8 საათიდან საღამოს 10 საათამდე, სთხოვდნენ აღეწერათ იმჟამინდელი ემოციური მდგომარეობა, რამდენად ძლიერი იყო მოქაჩვის სურვილი და ამოიგლიჯეს თუ არა თმა წინა ჩანაწერის შემდეგ. ასევე, მოქაჩვის ეპიზოდები უნდა ჩაეწერათ მაშინვე.
კვლევის ანალიზისთვის ასე დაგროვდა 2557 მომენტალური შეფასება და თმის ქაჩვის 702 ეპიზოდი.
როცა ისინი ძლიერი სურვილის შესახებ იუწყებოდნენ, ამ შეფასებისას ისინი გაცილებით უფრო ხშირად მიუთითებდნენ თმის ქაჩვის ეპიზოდის შესახებ. ერთ შეფასებაში ძლიერი სურვილი ასევე პროგნოზირებდა მოქაჩვას შემდეგ შეფასებაში.
მოქაჩვის წინა ეპიზოდები ასევე უფრო სავარაუდოს ხდიდა სხვა ეპიზოდის გაჩენას, რაც მიუთითებს ქცევის გარკვეულ მუდმივობაზე დღის განმავლობაში.
თუმცა, ემოციური მდგომარეობები გაცილებით ნაკლებად პროგნოზირებადი იყო, ვიდრე სურვილები.
უარყოფითი ემოციები, მათ შორის გრძნობები, როგორიცაა შფოთვა, ბრაზი, მოწყენილობა, დანაშაულის გრძნობა და ნერვიულობა — დაკავშირებული იყო ძლიერ სურვილთან, როცა ადამიანები მათ განიცდიდნენ. ასევე იყო ფიქრები, დაღლილობა და მოწყენილობა. ამასობაში, დადებითი ემოციები ასოცირდებოდა სუსტ სურვილებთან.
გამოირჩეოდა ერთი ემოციური ან ქცევითი მდგომარეობა — მოწყენილობა.
მოწყენილობა პროგნოზირებდა შემდგომი თმის ქაჩვის ეპიზოდებს და მოქაჩვას იმავე შეფასებაში. ამ დროს, დაღლილობა უფრო ძლიერ სურვილებს წინასწარმეტყველებდა, თუმცა ის თავად ქაჩვასთან არ იყო დაკავშირებული.
ამგვარად, თმის ქაჩვა, ძირითადად, ემოციურ გასაჭირზე რეაქცია კი არ არის, არამედ ზოგჯერ ეს ქცევა შეიძლება ნეგატიურ სტიმულაციასთან იყოს დაკავშირებული, თუმცა ასევე მის ნაკლებობასთანაც.
„დაბალი ენერგიის მდგომარეობამ შეიძლება ხელი შეუწყოს სურვილებისადმი მოწყვლადობას“, — წერენ მკვლევრები.
ისინი მიუთითებენ თეორიას, რომლის თანახმადაც, განმეორებითი ქცევები ხელს უწყობს შიდა სტიმულირების დონის რეგულირებას და თმის ქაჩვას პოტენციურად უფრო სავარაუდოს ხდის არასაკმარისი აგზნების ან მოწყენილობის დროს.
„მოწყენილობისა და დაღლილობის თანმიმდევრული პროგნოზირებადი როლი, კერძოდ, მიუთითებს იმაზე, რომ ექსკლუზიურად ემოციურ დისრეგულაციაზე ორიენტირებული მოდელები შეიძლება არასაკმარისი იყოს“, — აღნიშნავენ მკვლევრები.
ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ემოციები არარელევანტურია. უარყოფითი ემოციები და სხვა შინაგანი მდგომარეობები შეიძლება იყოს სურვილის განცდის ნაწილი, მაშინაც კი, თუ ისინი საიმედოდ არ იწვევენ შემდგომ ქცევას. მკვლევრები ასევე ხაზს უსვამენ, რომ ტრიქოტილომანია შეიძლება ყველასთვის ერთნაირად არ მოქმედებდეს (შეიძლება ჰქონდეს ქვეტიპები).
კვლევა მოიცავდა შედარებით პატარა, ძირითადად ქალებისგან შემდგარ ჯგუფს და მონაწილეები მოტივირებული იყვნენ, შეესრულებინათ 10-დღიანი მონიტორინგის ინტენსიური პროტოკოლი — ორივე ეს ფაქტორი კვლევის მნიშვნელოვანი შეზღუდვაა.
შეფასებებს შორის ინტერვალი შეიძლება ოთხ საათამდე იყოს, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ შორის შეიძლება მომხდარიყო ემოციების ან სურვილების სწრაფი ცვლილებები და ისინი შეუმჩნეველი დარჩენილიყო.
მიუხედავად ამისა, შედეგები მიუთითებს, რომ ტრიქოტილომანიის გაგება შეიძლება საჭიროებდეს იმ ვარაუდის მიღმა გახედვა, რომ სტრესი, სევდა ან შფოთვა ვიღაცას თმის ქაჩვისკენ უბიძგებს.
კვლევა Comprehensive Psychiatry-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.