ტრიპოლის აეროპორტზე გენერალ ხალიფა ჰაფთარის მეთაურობით მოქმედმა ამბოხებულებმა ავიაიერიში მიიტანეს
ტრიპოლის აეროპორტზე გენერალ ხალიფა ჰაფთარის მეთაურობით მოქმედმა ამბოხებულებმა ავიაიერიში მიიტანეს

ტრიპოლის აეროპორტზე გენერალ ხალიფა ჰაფთარის მეთაურობით მოქმედმა ამბოხებულებმა ავიაიერიში მიიტანეს. აეროპორტიდან გაუქმდა ავიარეისები, განხორციელდა მგზავრთა ევაკუაცია. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

ხალიფა ჰაფთარის წარმომადგენლის განცხადებით, ავიადარტყმის სამიზნე არა სამოქალაქო თვითმფრინავები, არამედ აეროპორტში არსებული მიგ-23-ის გამანადგურებელი და სამხედრო ვერტმფრენი იყო.

აეროპორტზე იერიში დაგმო გაერო-მ. ლიბიაში გაერო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის ღასან სალამეს განცხადებით, ავიადარტყმა ჰუმანიტარული სამართლის დარღვევაა.

ლიბიის დედაქალაქ ტრიპოლისთან მიმდინარე ბრძოლების შედეგად, ბოლო მონაცემებით, გარდაცვლილია 51 ადამიანი. სააგენტო „ესოშიეთიდ პრესის“ ცნობით, გარდაცვლილთა შორის მშვიდობიანი მცხოვრებლებიც არიან.

ამბოხებულთა ძალები გენერალ ხალიფა ჰაფთარის მეთაურობით ტრიპოლის აღმოსავლეთიდან და სამხრეთიდან უტევენ. გაერო-სგან მხარდაჭერილი მთავრობის პრემიერ-მინისტრი, ფაიეზ ალ-სერაჯი აცხადებს, რომ ამბოხებულებს გადატრიალების მოწყობა სურთ.