ტრანსნაციონალური დანაშაულის საქმეზე ჯგუფურ თაღლითობაში ბრალდებულ შვიდ პირს პატიმრობა შეეფარდა
ტრანსნაციონალური დანაშაულის საქმეზე ჯგუფურ თაღლითობაში ბრალდებულ შვიდ პირს პატიმრობა შეეფარდა

ჯგუფური თაღლითობის ბრალდებით დაკავებულ შვიდ პირს თბილისის სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა, მათგან სამს დაუსწრებლად. მოსამართლემ არ გაიზიარა ადვოკატების შუამდგომლობა გირაოს გამოყენების თაობაზე.

საუბარია საქმეზე, რომელიც პროკურატურის ცნობით ტრანსნაციონალური დანაშაულია და საქართველოში ექვსი სასტუმროს ხელმძღვანელი პირებისა და საზღვარგარეთ მცხოვრები პირების ჩართულობით განხორციელდა.

ერთ-ერთი სასტუმროს დამფუძნებლის ადვოკატის განცხადებით, ბრალდებული წარდგენილ ბრალს აღიარებს, თუმცა დეტალებთან დაკავშირებით ვერ ისაუბრებს.

კიდევ ერთი სასტუმროს „შენი სახლის“ მმართველის ადვოკატის ცნობით კი, მისი კლიენტი დუმილის უფლებას იყენებს. ადვოკატ დავით აბესაძის განცხადებით, ის არ იცნობდა იმ პირებს, რომლებსაც ბრალი აქვთ წარდგენილი. ასევე ადვოკატის თქმით, საქმეში ფიზიკური პირები არ არიან დაზარალებულები, საქმეში მხოლოდ ბანკებია დაზარალებულ მხარედ დასახელებული.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულები მათ მფლობელობაში არსებული სასტუმროების ნომრებს არარსებული მომხმარებლების სახელით ჯავშნიდნენ სასტუმროს ნომრების დისტანციურად დაჯავშნის სერვისის მომწოდებელი პოპულარული ვებგვერდების მეშვეობით. დაჯავშნილი ნომრების მათ მიერვე ხელოვნურად გაზრდილი ღირებულების გადახდისას, ბრალდებულებს, პოს ტერმინალში და „ჯეო ფეის“ საგადახდო სისტემაში შეჰყავდათ სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეების უკანონოდ მოპოვებული საბანკო ბარათების მონაცემები და ამ გზით ბარათებიდან აჭრიდნენ დიდი ოდენობით თანხებს. საბანკო ანგარიშებიდან განაღდების შემდგომ კი, დანაშაულებრივი გზით მოპოვებული თანხები, წინასწარ შეთანხმებული პროცენტულობის შესაბამისად, ნაწილდებოდა საქართველოში და ქვეყნის ფარგლებს გარეთ, სხვა სახელმწიფოში მყოფ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს შორის. ზემოაღნიშნული ქმედებით, საქართველოში მოქმედ საბანკო დაწესებულებებსა და ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეებს 687 321 ლარის და 60 400 აშშ დოლარის ოდენობის ზიანი მიადგათ.

საქმეზე საერთო ჯამში ბრალდებულია რვა პირი, ჯერ უცნობია, როდის გაიმართება მერვე პირის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო სხდომა.