ტრამპმა მთავრობის ბიუჯეტის შესახებ კანონპროექტს ხელი მოაწერა
ტრამპმა მთავრობის ბიუჯეტის შესახებ კანონპროექტს ხელი მოაწერა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კანონს მთავრობის ბიუჯეტის შესახებ ხელი მოაწერა. მან კონგრესის მისამართით მადლობა სოციალურ ქსელ Twitter-ში დაწერა.

„ახლა ჩვენი შეიარაღებული ძალები იმაზე ძლიერი იქნება, ვიდრე აქამდე. ჩვენ გვიყვარს და გვჭირდება ჩვენი ჯარი, რომლისთვისაც მზად ვართ, ყველაფერი გავაკეთოთ. რაც მთავარია, ეს ყველაფერი ემსხურება მეტი სამუშაო ადგილის შექმნას“, – დაწერა ტრამპმა.

ხანგრძლივი დავისა და კამათის შემდეგ, ამერიკის წარმომადგენელთა პალატასა და სენატში 400-მილიარდიანი ორწლიანი ბიუჯეტი დაამტკიცეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ფედერალური მთავრობა მუშაობას განაგრძობს. ორწლიან ბიუჯეტთან დაკავშირებით აზრთასხვაობა არა მხოლოდ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორის, არამედ თავად რესპუბლიკელ სენატორებშიც არსებობდა.

სენატში საბიუჯეტო კანონპროექტს 71-მა სენატორმა დაუჭირა მხარი, 28 კი წინააღმდეგი იყო.

650-გვერდიანი საბიუჯეტო კანონპროექტი მთავრობისთვის 400-მილიარდი დოლარის ოდენობის თანხის გამოყოფას ითვალისწინებს. ეს თანხა წინა წლებში ბიუჯეტზე დაწესებულ ლიმიტს აღემატება, რაც კონგრესში ამ დრომდე საკამათო საკითხი იყო. ბიუჯეტიდან 165 მილიარდი ეროვნული თავდაცვისთვის არის გამოყოფილი, 131 მილიარდი შიდა პროექტებისთვის, ხოლო 90 მილიარდი სტიქიების შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის.