ტრამპმა გრენლანდიაში ნავთობისა და გაზის მასშტაბური საძიებო სამუშაოების დაწყება დააანონსა
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი (საილუსტრაციო ფოტო)
სააგენტო „როიტერის“ ცნობით, 14 ოქტომბერს, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ გრენლანდიაში ნავთობის, გაზისა და სასარგებლო წიაღისეულის „მასშტაბური“ საძიებო სამუშაოები დაიწყება.
სოციალურ ქსელ Truth Social-ში გამოქვეყნებულ პოსტში ტრამპს ამ მიმართულებით დასახული გეგმების დეტალებზე არ უსაუბრია, თუმცა აღნიშნა:
„ზოგიერთი ექსპერტის მტკიცებით, ამ ტერიტორიაზე არსებული ნავთობის ადვილად მოსაპოვებელი მარაგები მსოფლიოს თითქმის ნებისმიერ სხვა ტერიტორიაზე არსებულ მარაგებს მნიშვნელოვნად აღემატება“.
გასულ თვეში, შეერთებულმა შტატებმა, დანიამ და გრენლანდიამ ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის მიზანიც დაძაბულობის განმუხტვაა. ეს დაძაბულობა, თავის მხრივ, გამოიწვია დონალდ ტრამპის მრავალგზის მუქარამ, რომ სტრატეგიულად მნიშვნელოვან და ბუნებრივი რესურსებით მდიდარ არქტიკულ კუნძულზე კონტროლს დაამყარებდა.
შეთანხმება აფართოებს გრენლანდიაში აშშ-ის შეიარაღებული ძალების როლს და ითვალისწინებს 2 ახალი სამხედრო ბაზის და სარაკეტო თავდაცვის სისტემის, „რკინის გუმბათის“ განთავსებას. ამასთან, დოკუმენტი ადასტურებს დანიის სუვერენიტეტსა და გრენლანდიის მოსახლეობის თვითგამორკვევის უფლებას.
„მომავალში აშშ-ზე ნებისმიერი თავდასხმის შემთხვევაში, მოწინააღმდეგეს გრენლანდიის გავლით მოუწევს მოქმედება. იქ ჩვენი თავდაცვის ძალები რეგულარულად ჩამოაგდებენ დრონებს, რაკეტებსა თუ ნებისმიერი სხვა ტიპის იარაღს, რომელიც ჯერ გამოგონილიც კი არ არის“, – დასძინა ტრამპმა თავის პოსტში.