ტრამპის მიერ იუსტიციის მინისტრის პოსტზე წარდგენილ ყოფილ კანდიდატს, მეტ გეცს ეთიკის კომიტეტი 17 წლის გოგონასთან სექსუალურ ურთიერთობაში და აკრძალული ნარკოტიკების მოხმარებაში სდებს ბრალს
ტრამპის მიერ იუსტიციის მინისტრის პოსტზე წარდგენილ ყოფილ კანდიდატს, მეტ გეცს ეთიკის კომიტეტი 17 წლის გოგონასთან სექსუალურ ურთიერთობაში და აკრძალული ნარკოტიკების მოხმარებაში სდებს ბრალს

დონალდ ტრამპის მიერ აშშ-ის იუსტიციის მინისტრის პოსტზე წარდგენილ ყოფილ კანდიდატს, მეტ გეცს კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ეთიკის კომიტეტი ბრალს სდებს 17 წლის გოგონასთან სექსუალურ ურთიერთობაში და აკრძალული ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებაში. საქმე გეთსის ფლორიდის კონგრესმენის პოსტზე ყოფნის პერიოდს ეხება. ამის შესახებ ინფორმაციას „სიბიეს ნიუსი“ ავრცელებს.

„კომიტეტმა აღმოაჩინა მნიშვნელოვანი მტკიცებულებები, რომ კონგრესმენმა გეცმა დაარღვია წარმომადგენელთა პალატის წესები და ქცევის სხვა სტანდარტები, რომლებიც კრძალავს პროსტიტუციას, არასრულწლოვნებთან სექსუალურ ურთიერთობას, აკრძალული ნარკოტიკების მოხმარებას, დაუშვებელ საჩუქრებს და კონგრესის მუშაობისთვის ხელის შეშლას“, – ნათქვამია ეთიკის კომიტეტის ანგარიშში.

გეცი დანაშაულს უარყოფს და აცხადებს, რომ „ხალხს, ვინც გამოძიება აწარმოა, ის სძულდა“. ყოფილი კონგრესმენი ასევე უარყოფს ცნობებს იმის შესახებ, რომ მას ოდესმე ჰქონია „სექსუალური კონტაქტები 18 წელზე უმცროს პირებთან“.

გეცი ნოემბერში გადადგა კონგრესიდან, მას შემდეგ, რაც არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა იგი იუსტიციის მინისტრის პოსტზე წარადგინა. თუმცა, ზოგიერთი რესპუბლიკელის მხრიდან მისი კანდიდატურის მიმართ წინააღმდეგობის შემდეგ, ყოფილმა კონგრესმენმა უარი თქვა ტრამპის მიერ შეთავაზებულ თანამდებობაზე.

ტრამპის ერთგული მხარდამჭერი, მეტ გეცი წარსულშიც ყოფილა სექსსკანდალების ფიგურანტი. 2020 წელს მის წინააღმდეგ აღძრეს საქმე არასრულწლოვნების სექსუალური ექსპლუატაციის შესახებ. საქმე დაიხურა მტკიცებულებების უკმარისობის გამო.