ტრამპის ადმინისტრაცია ბავშვი-მიგრანტების დაკავების ვადებზე დაწესებულ შეზღუდვებს აუქმებს
ტრამპის ადმინისტრაცია ბავშვი-მიგრანტების დაკავების ვადებზე დაწესებულ შეზღუდვებს აუქმებს

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ მიიღო დადგენილება, რომელიც აუქმებს არალეგალი მიგრანტების ბავშვების დროებით ცენტრებში დაკავების ვადებზე დაწესებულ შეზღუდვებს.

აღნიშნული გადაწყვეტილებით, არასრულწლოვანი მიგრანტები საიმიგრაციო ცენტრებში გადაყვანილები იქნებიან გაურკვეველი ვადით, ვიდრე სასამართლო არ გადაწყვეტს, მიანიჭოს თუ არა მათ თავშესაფარი.

აშშ-ში აქამდე მოქმედი წესი კრძალავდა ბავშვიანი მიგრანტი ოჯახების 20-ზე მეტი დღით დაკავებას.
ახალი დადგენილების შესახებ აშშ-ის შიდა უსაფრთხოების მდივნის მოვალეობის შემსრულებელმა კევინ მაკალინანმა ისაუბრა.

აშშ-ის მთავრობის წარმომადგენელთა აზრით, ბავშვიანი ოჯახების საიმიგრაციო ცენტრებში დაკავების ვადებთან დაკავშირებული შეზღუდვები ხელს უწყობს ლათინური ქვეყნებიდან მიგრანტთა ნაკადის ზრდას.
„დღეს მთავრობამ მიიღო მნიშვნელოვანი კანონი, რომელიც შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტს საშუალებას მისცემს შეინარჩუნოს ოჯახის ერთიანობა და გააუმჯობესოს საიმიგრაციო სისტემა. ეს კანონი ფედერალურ მთავრობას მისცემს საშუალებას, შეასრულოს კონგრესის მიერ მიღებული საიმიგრაციო კანონები და უზრუნველყოს ამერიკულ ცენტრებში მყოფი ბავშვებისადმი ღირსეული მოპყრობა“, – აღნიშნა კევინ მაკალინანმა.

დადგენილება ძალაში 60 დღეში უნდა შევიდეს, თუმცა უფლებადამცველი ჯგუფები მის სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავენ.

დატოვე კომენტარი