ტრამპის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტი თავდაცვის ხარჯების ზრდასა და მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობის ხარჯებს ითვალისწინებს
ტრამპის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტი თავდაცვის ხარჯების ზრდასა და მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობის ხარჯებს ითვალისწინებს

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ შემუშავებული 2020 წლის ბიუჯეტის პროექტი თავდაცვის ხარჯების 5%-ით გაზრდას ითვალისწინებს. დოკუმენტის თანახმად, აშშ თავდაცვაზე 2020 წელს 750 მილიარდი დოლარის დახარჯვას გეგმავს. გასულ წელს ეს რიცხვი 716 მილიარდ დოლარს შეადგენდა. ბიუჯეტის პროექტში აღნიშნულია, რომ ამგვარი ნაბიჯი საშუალებას მისცემს ქვეყანას, დარჩეს წამყვანი სამხედრო ძალა მსოფლიოში. როგორც გამოცემა „ნიუ იორკ თაიმსი“ წერს, პროექტში გაწერილია მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობის ხარჯები – 8,6 მილიარდი დოლარი.

ამასთან, გათვალისწინებულია არასამხედრო ხარჯების შემცირება.

აშშ-ის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტი თეთრმა სახლმა კონგრესს განსახილველად უკვე გადაუგზავნა. 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის მთლიან მოცულობა 4,75 ტრილიონი დოლარია, რაც აშშ-ის ისტორიაში რეკორდულია.

პროექტი სახელმწიფო დეპარტამენტისა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთვის (USAID) 40 მილიარდ დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, აშშ-ის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტი სტრატეგიული პარტნიორების მხარდაჭერას ითვალისწინებს. უწყების ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ევროპაში, ევრაზიასა და ცენტრალურ აზიაში რუსეთის მავნე ზეგავლენისა და დეზინფორმაციისთვის წინააღმდეგობის გასაწევად 661 მილიონი დოლარის დახარჯვა იგეგმება.