ტრამპი - საფრანგეთი აშშ-ის უძველესი მოკავშირეა
ტრამპი - საფრანგეთი აშშ-ის უძველესი მოკავშირეა

ორმხრივი ურთიერთობა ვაჭრობისა და უსაფრთხოების სფეროში, ირანის ბირთვული შეთანხმება, კლიმატური ცვლილებები და გლობალური უსაფრთხოება იყო ის უმთავრესი საკითხები, რაზეც ვაშინგტონში ოფიციალური ვიზიტით ჩასულმა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა და აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იმსჯელეს.

დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ირანთან მიღწეული შეთანხმება ბირთვული პროგრამის შეჩერების თაობაზე, არასწორია.

„ყველამ იცის, რომ მე ირანის ბირთვულ შეთანხმებას ყოველთვის ვეწინააღმდეგებოდი. ეს შეთანხმება არ უნდა გაფორმებულიყო. ეს სასაცილო შეთანხმებაა. “ – აღნიშნა დონალდ ტრამპმა. მის აზრს არ იზიარებს საფრანგეთის ცენტრისტი პრეზიდენტი.

ირანთან მიღწეულ შეთანხმებასთან დაკავშირებით ემანუელ მაკრონი მიიჩნევს, რომ ეს შეთანხმება მნიშვნელოვანია, რადგან ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ერთ-ერთი მთავარი მოთამაშის, ირანის გასაკონტროლებლად დოკუმენტი ძალაში უნდა დარჩეს.

ორივე ქვეყნის პრეზიდენტი შეთანხმდა, რომ ამ ისტორიულ დოკუმენტზე აუცილებლად უნდა იმსჯელონ.

თეთრ სახლში კამერების წინ შეხვედრისას დონალდ ტრამპმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი და საფრანგეთის პრეზიდენტის მოსაზრებები კლიმატურ ცვლილებებთან დაკავშირებით ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება.

აშშ-ის პრეზიდენტის საპასუხოდ მაკრონმა განაცხადა, რომ აზრთა სხვაობის მიუხედავად, ორივე მათგანი თანხმდება, რომ მათი შვილების მომავალი მათ გონივრულ გადაწყვეტილებაზე დამოკიდებულია.

ემანუელ მაკრონისთვის ეს პირველი ოფიციალური ვიზიტია ვაშინგტონში.