ტრამპი მიიჩნევს, რომ ესპანეთი „განადგურებული ქვეყანაა“, სეუტაში მიგრანტების მასობრივ შეჭრას კი ის „ძალიან სამწუხაროს“ უწოდებს
ვაშინგტონი, კოლუმბიის ოლქი, 2 სექტემბერი: აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ტოვებს ტრიბუნას ვახშამზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ, რომელსაც მან თეთრი სახლის ბაღში უმასპინძლა. ნოემბრის შუალედური არჩევნების წინ, პრეზიდენტმა ტრამპმა ვახშამზე მიიწვია რესპუბლიკელები, რომლებიც დაძაბულ წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობენ
დონალდ ტრამპის აზრით, სეუტაში განვითარებული მოვლენები ესპანეთის „არასრულყოფილი კანონმდებლობისა“ და სანჩესის მთავრობის მიერ ქვეყნის „ცუდი მართვის“ შედეგია, მისი არგენტინელი კოლეგა, ხავიერ მილეი კი ესპანეთის პრემიერ-მინისტრს „უცხოელი ურდოებისთვის გზის გაკაფვაში“ ადანაშაულებს.
ხუთშაბათს, 3 სექტემებრს, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ესპანეთს „განადგურებული ქვეყანა“ უწოდა და განაცხადა, რომ სეუტაში მიგრანტების მასობრივი მოზღვავება „ძალიან სამწუხარო სანახავია“.
აშშ-ის პრეზიდენტმა ბრიტანულ ტელეარხ GB News-თან ინტერვიუში მიგრაციულ კრიზისზე ისაუბრა, რომელსაც ესპანეთის ავტონომიის სტატუსის მქონე ქალაქში უკვე თვეზე მეტია მძვინვარებს. ტრამპმა გულისტკივილი გამოთქვა იმის გამო, რომ ქვეყანას „ათასობით ადამიანი მიაწყდა“. „მსგავსი არაფერი მინახავს“, – განაცხადა მან.
მისი თქმით, მიგრანტთა ამ ნაკადის შექმნა „არასრულყოფულმა კანონმდებლობამ“ და სანჩესის მთავრობის მიერ ქვეყნის „ცუდმა მართვამ“ განაპირობა. მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ ხალხის მასობრივი მოზღვავების დროს, „ესპანეთის ხელისუფლებამ არ იცოდა, რა გაეკეთებინა“.
„მსგავსი რამ მოხდება შეერთებულ შტატებშიც, თუ დემოკრატები გაიმარჯვებენ“
3 ნოემბრის შუალედური არჩევნების წინ, ტრამპმა სეუტის კრიზისი სათავისოდ გამოიყენა და ამერიკელები გააფრთხილა, რომ მსგავსი რამ მათ ქვეყანაშიც მოხდება, თუ ხელისუფლებაში დემოკრატები დაბრუნდებიან.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ტრამპი ესპანეთის მთავრობას მკაცრად აკრიტიკებს. ადრე ეს, ძირითადად, სამხედრო ხარჯებთან დაკავშირებული პოზიციის, აგრეთვე იმის გამო ხდებოდა, რომ მადრიდმა უარი თქვა, მის ტერიტორიაზე არსებული სამხედრო ბაზები ვაშინგტონს ირანის ომში მონაწილე ამერიკული გამანადგურებლების საწვავით შევსებისთვის გამოეყენებინა.
„ესპანეთი დაქცეული ქვეყანა იქნება. ამ ქვეყანასთან პრეტენზიები მაქვს, რადგან ის ნატო-ს მიმართ ძალიან ცუდად იქცევა და არ იხდის იმას, რაც უნდა გადაიხადოს“.
ტრამპი ამ სიტუაციას „საშინელებას“ უწოდებს, რადგან, მისი თქმით, მაშინ როდესაც ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის სხვა ქვეყნები სამხედრო ხარჯების გაზრდაზე შეთანხმდნენ, ესპანეთი ჯიუტად ამბობს: „მე არ გადავიხდი“.
სანჩესს მილეიც აკრიტიკებს: „ის უცხოელ ურდოებს უკაფავს გზას“
ტრამპი არ არის ერთადერთი უცხოელი ლიდერი, რომელმაც ესპანეთის პრემიერ-მინისტრი მიგრაციული კრიზისის მართვის გამო გააკრიტიკა. მას მხარი არგენტინის პრეზიდენტმაც აუბა: ხავიერ მილეიმ განაცხადა, რომ სანჩესი „კარტოფილზე მეტად ბინძურია“ და „ნაძირლებით არის გარშემორტყმული“. არგენტინის ლიდერმა ესპანეთის პრემიერი „უკონტროლო მიგრაციის ხელშეწყობასა“ და „იმ უცხოელი ურდოებისთვის გზის გაკაფვაში“ დაადანაშაულა, „რომლებიც, საბოლოოდ, ადგილობრივ მოსახლეობას ჩაანაცვლებენ“.
სანტიაგო-დე-ჩილეში გამართულ „მადრიდის ფორუმზე“ (საერთაშორისო ალიანსი, რომელსაც ულტრამემარჯვენე ფონდი Disenso უდგას სათავეში) გამოსვლისას, მილეიმ სანჩესი ევროპული მემარცხენე ძალების მაგალითად მოიყვანა, რომლებსაც „მხოლოდ საკუთარი იდეოლოგიის გავრცელება აინტერესებთ, რათა ხელში ჩაიგდონ სახელმწიფო ფინანსები და ის ომის ნადავლივით გამოიყენონ“.
მისი აზრით, სანჩესი და მისი „ესპანეთის სოციალისტური მუშათა პარტია“ (PSOE), ერთი მხრივ, „ხელს უწყობენ უკონტროლო მიგრაციას“, ხოლო მეორე მხრივ, „ესპანურ იდენტობას არყევენ“ – „ისინი ესპანელებს ასწავლიან, საკუთარი თავი შეიძულონ და იმის რცხვენოდეთ, ვინც არიან, რითაც გზას უხსნიან უცხოელთა ურდოებს, რომლებიც, საბოლოოდ, მკვიდრ მოსახლეობას ჩაანაცვლებენ“.