ტრამპი მიიჩნევს, რომ ჩინეთისთვის დაწესებული ტარიფები კარგად მუშაობს
ტრამპი მიიჩნევს, რომ ჩინეთისთვის დაწესებული ტარიფები კარგად მუშაობს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ ჩინეთისთვის დაწესებული ტარიფები იმაზე უკეთ მუშაობს, ვიდრე ამას ვინმე მოელოდა. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა Twitter-ში დაწერა და ჩინეთის საფონდო ბირჟაზე მიუთითა. ამასთან, დონალდ ტრამპის თქმით, პეკინი და ვაშინგტონი ვაჭრობის საკითხზე საუბარსაც განაგრძობენ. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ის ტარიფების ბერკეტს სამართლიანი სავაჭრო შეთანხმებების მისაღებად იყენებს.

ჩინური მედიასაშუალებები კი აშშ-ს ჩინეთის სავაჭრო შანტაჟში ადანაშაულებენ და პეკინის მიერ საპასუხო ზომებს რაციონალურად მიიჩნევენ. 4 აგვისტოს ჩინეთის ფინანსთა მინისტრმა აშშ-დან იმპორტირებულ 5207 პროდუქტს 5-დან 25%-მდე ტარიფი დაუწესა. ეს ტრამპის ადმინისტრაციის მიერ 200 მილიარდი დოლარის ღირებულების ჩინური პროდუქციის 25 პროცენტით დაბეგვრისთვის საპასუხო ქმედება იყო.

აშშ-მა და ჩინეთმა ერთმანეთს 34 მილიარდი დოლარის ღირებულების საექსპორტო საქონელზე ტარიფები ივლისშიც დაუწესეს. უახლოეს მომავალში ვაშინგტონი კიდევ 16 მილიარდი დოლარის ღირებულების ჩინური პროდუქციის დაბეგვრას გეგმავს. პეკინი კი სარკისებური ზომების მიღებით იმუქრება.