ტრამპი მაფიის ბოსის როლში - ჯეიმს კომის „უმაღლესი ერთგულება: სიმართლე, სიცრუე და ლიდერობა“
17 აპრილს გამოძიების ფედერალური ბიუროს ყოფილი ხელმძღვანელის ჯეიმს კომის წიგნის – „უმაღლესი ერთგულება: სიმართლე, სიცრუე და ლიდერობა“ – პრეზენტაცია გაიმართება. სქელტანიანი მემუარები აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან თანამშრომლობის დეტალებს მოიცავს.
კომი ტრამპს არაეთიკურ პიროვნებად მოიხსენიებს და მის პრეზიდენტობას ადარებს „ტყის ხანძარს, რომელსაც ქვეყნის ტრადიციებისთვის დიდი ზიანის მოტანა შეუძლია“.
„ეს პრეზიდენტი არაეთიკურია, სიმართლესა და ინსტიტუციურ ფასეულობებთან არაფერი აკავშირებს. მისი ლიდერობა ტრანზაქციული, ეგოთი მართული და პერსონალურ ერთგულებაზე დაფუძნებულია“, – წერს ჯეიმ კომი.
ჯეიმს კომი, რომელსაც, მანჰეტენის პროკურორის რანგში, კრიმინალური დაჯგუფებების წინააღმდეგ ბრძოლის გამოცდილება აქვს, დონალდ ტრამპს მაფიის ბოსს ადარებს. კომი იხსენებს 2017 წლის თებერვალში, დონალდ ტრამპთან ოვალურ კაბინეტში გამართულ შეხვედრას, რომელსაც თეთრი სახლის ადმინისტრაციის მაშინდელი ხელმძღვანელი რაინს პრიბუსიც ესწრებოდა.
„თანხმობის მდუმარე წრე… ბოსი კონტროლის სადავეებით… ერთგულების ფიცი… მსოფლმხედველობა – ჩვენ მათ წინააღმდეგ. სიცრუე ყველაფერთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანზე თუ ნაკლებად მნიშვნელოვანზე. ერთგულების კოდექსის მიმართ მსახურება, რომელიც ორგანიზაციას მორალსა და სიმართლეზე მაღლა აყენებს“, – წერს კომი.
ერთ-ერთი შეხვედრა, რომელიც იანვარში „ტრამპ თაუერში“ შედგა, ჯეიმს კომის 1980-1990-იანი წლების ნიუ იორკის მაფიათა კლუბებს – The Ravenite, The Palma Boys, Café Giardino აგონებს.
„ჩვენს ქვეყანაში ახლა სახიფათო დროა, ფაქტები სადავოა, ფუნდამენტური სიმართლე კი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, სიცრუე ნორმაა და ეთიკური ქცევა იგნორირებული, შეწყნარებული ან დაჯილდოებული“, – წერს კომი.
ჯეიმს კომი ასევე იხსენებს, რომ „პრეზიდენტმა მისგან ერთგულება მოითხოვა და ზეწოლის ფორმით მოსთხოვა, თავი დაენებებინა უსაფრთხოების საკითხებში მისი ყოფილი მრჩევლის, მაიკლ ფლინის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიებისთვის, ასევე ჰკითხა, რისი გაკეთება შეეძლო რუსეთის საკითხზე მიმდინარე გამოძიების საქმეში „ღრუბლების გასაფანტად“.
„მოთხოვნა გავდა „ხარი სემის“ (იგულისხმება სალვატორე გრავანო, „ხარი სემის“ მეტსახელით ცნობილი, გამბინოს კლანის ბოსის თანაშემწე) კოზა ნოსტრაში წარდგენის ცერემონიალს – ტრამპი მაფიის ბოსის როლში, რომელიც მთხოვდა, ვყოფილიყავი მისი ხელქვეითი“, – წერს წიგნის ავტორი.
როგორც ჯეიმს კომი აღნიშნავს, არასდროს უნახავს, რომ ტრამპი იცინოდეს და ეჭვობს, რომ ეს შესაძლოა, იყოს „ნიშანი ღრმა დაუცველობის, მისი უუნარობის, იყოს მგრძნობიარე, რაც ძალიან სევდიანია ლიდერისთვის და ცოტა სახიფათო პრეზიდენტისთვის“.
ჯეიმს კომი გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორის თანამდებობიდან პრეზიდენტმა ტრამპმა 2017 წლის 9 მაისს გაათავისუფლა. მედიაში გადადგომის არაოფიციალურ მიზეზად უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლის, მაიკლ ფლინის წინააღმდეგ კომის გამოძიება დასახელდა.
მასალა მომზადებულია უცხოური პრესის მიხედვით.