ტრამპი „ხელოვნური ინტელექტის ძალების“ შექმნის შესახებ იუწყება
2026 წლის 18 სექტემბერს მომზადებულ ამ ფოტომონტაჟზე ჩანან: ზედა მარცხენა კუთხეში- „გუგლის გენერალური დირექტორი, სუნდარ პიჩაი; აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი; ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი; „ამაზონის“ დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი, ჯეფ ბეზოსი. ქვედა მარცხენა კუთხეში - OpenAI-ის გენერალური დირექტორი, სემ ალტმანი; Nvidia-ს გენერალური დირექტორი, ჯენსენ ჰუანგი; Apple-ის გენერალური დირექტორი, ტიმ კუკი და SpaceX-ისა და Tesla-ს გენერალური დირექტორი, სამხრეთაფრიკელ-კანადელ-ამერიკელი ბიზნესმენი, ილონ მასკი
19 სექტემბერს, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა „ხელოვნური ინტელექტის სააგენტოს“ შექმნის შესახებ გააკეთა განცხადება. მისივე თქმით, ახალი სააგენტოს ხელმძღვანელი უახლოეს მომავალში დაინიშნება.
ამის შესახებ აშშ-ის ლიდერმა სოციალურ ქსელ Truth Social-ში დაწერა.
თეთრი სახლის ხელმძღვანელის განმარტებით, „ხელოვნური ინტელექტის ძალები“ (AI Force) იმავე პრინციპს დაეფუძნება, რომელზე დაყრდნობითაც მან 2019 წელს „კოსმოსური ძალები“ (Space Force) ჩამოაყალიბა.
„მე ვქმნი „ხელოვნური ინტელექტის ძალებს“, ისევე როგორც შევქმენი „კოსმოსური ძალები“, რომელმაც ჩემი პირველი საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში უდიდესი წარმატება მოიტანა. უახლოეს მომავალში, ხელოვნური ინტელექტის საკითხებში „ცარის“ (AI Czar) დანიშვნას გამოვაცხადებ – განაცხადი მხოლოდ მაღალი „აი ქიუს“ (IQ) მქონე პირებმა უნდა გააკეთონ!“, – ნათქვამია მის პოსტში.
ტრამპმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ხელოვნური ინტელექტი არის „ახალი ინდუსტრიული რევოლუცია“, რომელიც, მისი მტკიცებით, მომავალში ამერიკის მშპ-ის 25 პროცენტის შექმნას უზრუნველყოფს.
„ჩვენ ვუსწრებთ ჩინეთს და დანარჩენ მსოფლიოს. მე განზრახული მაქვს, ეს ლიდერობა შევინარჩუნო!“, – დასძინა მან.
მანამდე ტრამპმა არ გაიზიარა შეშფოთება იმის თაობაზე, რომ ხელოვნური ინტელექტი, შესაძლოა, კონტროლიდან გამოვიდეს. აშშ-ის პრეზიდენტის მტკიცებით, ეს შიშები გადაჭარბებულია. მისი ეს განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც Anthropic-ის, OpenAI-ისა და SpaceX-ის ხელმძღვანელებმა, უსაფრთხოების რისკების გამო, ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების განვითარების საკითხებში უფრო ფრთხილ მიდგომას დაუჭირეს მხარი.