ტრამპი - ირანის წინააღმდეგ განახლებული სანქციები ახალი შეთანხმების მიღწევამდე დარჩება ძალაში
ირანის წინააღმდეგ განახლებული სანქციები ახალი შეთანხმების მიღწევამდე დარჩება ძალაში, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა. მისი თქმით, ვაშინგტონი კვლავ მზად არის, ირანის ბირთვულ საკითხთან დაკავშირებით ახალი, გაცილებით სრულყოფილი შეთანხმების მიღწევაზე იმუშაოს.
„მოვუწოდებთ რეჟიმს, ბირთვულ ამბიციებზე უარი თქვას, შეცვალოს დესტრუქციული ქმედებები, პატივი სცეს საკუთარი ხალხის უფლებებს და კეთილსინდისიერად დაუბრუნდეს მოლაპარაკებების მაგიდას“, – აცხადებს ტრამპი.
დონალდ ტრამპის თქმით, ახალი შეთანხმების საშუალებით ირანს ბირთვული შეიარაღებისკენ გზა სამუდამოდ უნდა დაებლოკოს.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი 2015 წელს მიღწეულ შეთანხმებას კვლავ აკრიტიკებს. ტრამპის თქმით, თეირანსა და ექვსეულს შორის მიღწეული შეთანხმება „კატასტროფულია“ .
2015 წელს მიღწეული შეთანხმების შემდეგ ირანის წინააღმდეგ გაუქმებული სანქციები ძალაში ხუთ ნოემბერს შევა. განცხადებასთან ერთად დონალდ ტრამპი ირანის წინააღმდეგ სანქციების განახლებას Twitter-ის საკუთარ გვერდზეც შეეხო. მიკრობლოგის ოფიციალურ გვერდზე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა აკრძალვების დაწესება საკულტო სერიალ „სამეფო კარის თამაშების“ სტილში დააანონსა.