ტრამპი - ჩვენი გულები სავსეა მწუხარებით და ამერიკელ ხალხთან ერთად ვიზიარებთ ბუშების ოჯახის მწუხარებას
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი და პირველი პედი მელანია ტრამპი ჯორჯ ბუში უფროსის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს ავრცელებენ, რომელშიც ქვეყნის 41-ე პრეზიდენტის ღვაწლის შესახებ არის საუბარი. დონალდ ტრამპი აღნიშნავს, რომ ჯორჯ ბუში უფროსი ამერიკის ახალგაზრდა თაობები შთაგონების წყარო უკვე დიდი ხანია, არის.
სამძიმრის წერილში აღნიშნულია, რომ ყოფილი პრეზიდენტი სამართლიანად და საღი აზრით მართავდა ქვეყანას, ამერიკის შეერთებულ შტატებს და მთელ მსოფლიოს ცივი ომის მშვიდობიანი დასრულების საშუალება მისცა.
„ქვეყნის სამსახურში დიდ ღვაწლთან ერთად, ჩვენ პრეზიდენტი ბუში ყოველთვის გვემახსოვრება ოჯახის მიმართ მისი განსაკუთრებული სიყვარულისთვის. ჩვენი გულები სავსეა მწუხარებით და ამერიკელ ხალხთან ერთად ვიზიარებთ ბუშების ოჯახის მწუხარებას. ჩვენ პატივ ვცემთ 41-ე პრეზიდენტის ცხოვრებასა და მემკვიდრეობას“, – აღნიშნულია, დონალდ და მელანია ტრამპების ერთობლივ წერილში.
ამერიკის შეერთებული შტატების 41-ე პრეზიდენტი, ჯორჯ ბუში უფროსი 94 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამერიკული მედიის ცნობით, პოლიტიკოსის გარდაცვალების დღე, 30 ნოემბერი მისი პოლიტიკური კარიერის დასრულების თარიღს ემთხვევა.
თავდაპირველად ჯორჯ ბუშ უფროსს პრეზიდენტ რონალდ რეიგანის ადმინისტრაციის დროს ვიცე-პრეზიდენტის პოსტი ეკავა. 1989 წელს კი ქვეყნის პირველი პირის თანამდებობა დაიკავა. 1990 წელს მან გერმანიაში აღმოსავლეთის და დასავლეთის გაერთიანებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.
1992 წელს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში ჯორჯ ბუში უფროსი ბილ კლინტონთან შერკინების დროს დამარცხდა და თეთრი სახლი ახალ პრეზიდენტს დაუთმო. ამის შემდეგ, მას პოლიტიკური კარიერა აღარ გაუგრძელებია და ჰიუსტონში დასახლდა მეუღლესთან, ბარბარასთან ერთად. ჯორჯ ბუშ უფროსს ექვსი შვილი ჰყავდა. მათგან ერთ-ერთს, ჯორჯ ბუშ უმცროსს ასევე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის პოსტი ეკავა. ის ქვეყნის სათავეში 2001-2009 წლებში იყო.