ტრამპი აშშ-ის არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის საქმის დახურვას ითხოვს
ტრამპი აშშ-ის არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის საქმის დახურვას ითხოვს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იუსტიციის მინისტრ ჯეფ სეშენს რუსეთის მხრიდან აშშ-ის არჩევნებში შესაძლო ჩარევის საქმის გამოძიების დახურვა მოსთხოვა. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დაწერა. ის მოუწოდებს ჯეფ სეშენს, შეწყვიტოს „კუდიანებზე ნადირობა“. ტრამპის მტკიცებით, რუსეთთან ფარული შეთქმულება ჭორია, რომელიც ფალსიფიცირებულ საბუთების საშუალებით დემოკრატებმა ააგორეს.

„ეს საშინელი სიტუაციაა და გენერალურმა პროკურორმა ჯეფ სეშენსმა უნდა შეაჩეროს ეს ფალსიფიცირებული „კუდიანებზე ნადირობა“, ვიდრე ეს პროცესი კიდევ უფრო არ დააზარალებს ჩვენს ქვეყანას“, – წერს ტრამპი „ტვიტერში“.

მისივე თქმით, სპეცპროკურორ რობერტ მიულერის შემთხვევაში, რომელის რუსეთის არჩევნებში შესაძლო ჩარევის საქმეს იძიებს, ცალსახად იკვეთება ინტერესთა კონფლიქტი.

„მიულერი, რომლის შემთხვევაშიც იკვეთება ცალსახა ინტერესთა კონფლიქტი და 17 გაბრაზებული დემოკრატი, რომლების შავ სამუშაოებს ასრულებს. ყველა ისინი არცხვენენ ჩვენს ქვეყანას“, – დაწერა მიკრობლოგში აშშ-ის პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის საქმის გამოძიების ფარგლებში, პირველი სასამართლო პროცესი უკვე გაიმართა. საბრალდებო სკამზე ტრამპის საარჩევნო შტაბის ყოფილი წევრი პოლ მანაფორტია, რომელსაც ბრალი 18 მუხლით აქვს წაყენებული და 30-წლიანი პატიმრობა ემუქრება.