Trammo-ს აღმასრულებელი დირექტორი - საქართველოს სტაბილური მთავრობა ჰყავს, რომელსაც კარგი საქმიანი ურთიერთობა აქვს კერძო ინდუსტრიის წარმომადგენლებთან
საქართველოს სტაბილური მთავრობა ჰყავს, რომელსაც კარგი საქმიანი ურთიერთობა აქვს კერძო ინდუსტრიის წარმომადგენლებთან. ველოდები თქვენთან თანამშრომლობას, – ამის შესახებ ამერიკული კორპორაცია Trammo-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, ედვარდ ვეინერმა ნიუ იორკში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
Trammo საქართველოში 20 მილიონი დოლარის მოცულობის ინვესტიციას განახორციელებს და ბათუმის პორტში ახალ ტერმინალს ააშენებს, რომელიც აზიიდან მიღებულ პროდუქციას ბათუმის პორტის გავლით ევროპულ ბაზარს დააკავშირებს.
Trammo-ს აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა, რომ ინვესტიციის დაბანდების გადაწყვეტილება საქართველოს გეოსტრატეგიული პოზიციის, ბიზნესისთვის მიმზიდველი გარემოსა და ქვეყნის სტაბილური მმართველობის გამო მიიღეს.
„ჩვენ საქართველოში ინვესტირების გადაწყვეტილება მთელი რიგი მიზეზების გამო მივიღეთ. ერთ-ერთი პირველია ქვეყნის ლოგისტიკური განლაგება. ეს არის ადგილი, რომელიც აკავშირებს აზიას ევროპასთან, კასპიის ზღვის, საქართველოს, კერძოდ – ბათუმისა და შავი ზღვის გავლით.
თქვენ გყავთ ძალიან სტაბილური მთავრობა, რომელსაც შესანიშნავი საქმიანი ურთიერთობა აქვს კერძო ინდუსტრიის წარმომადგენლებთან. აშშ-ის მსგავსად, თქვენ გაქვთ ძალიან კარგი საგადასახადო კანონმდებლობა, ფლობთ განათლებულ სამუშაო ძალას და მე ველოდები თქვენთან თანამშრომლობას“, – განაცხადა ედვარდ ვეინერმა.
Forbes-ის მონაცემებით, Trammo ამერიკის უმსხვილესი კომპანიების რეიტინგში 58-ე ადგილს იკავებს.