ფრანგულ ფეხბურთში ტრაგედია დატრიალდა. 19 წლის უილიამ გომისი, რომელიც ცოტა ხნის წინ საფეხბურთო კლუბ „სენტ-ეტიენში“ თამაშობდა და იმედისმომცემ ფეხბურთელად ითვლებოდა, ქალაქ ტულონის ერთ-ერთ გარეუბანში მოკლული იპოვეს. ამ ინფორმაციას ბრიტანული გაზეთი „დეილი მეილი“ (Daily Mail) ავრცელებს.
პოლიცია ვარაუდობს, რომ გომისი და მასთან ერთად მყოფი 14 წლის მოზარდი ნარკოტიკებით მოვაჭრეების მიერ განხორციელებული შურისძიების მსხვერპლნი გახდნენ, თუმცა ეს ვერსია ჯერ-ჯერობით დადასტურებული არ არის.
სამართალდამცავებმა, დანაშაულის ადგილას, რამდენიმე სახისა და კალიბრის იარაღი აღმოაჩინეს, თუმცა თავად დამნაშავეებმა მიმალვა მოახერხეს.
ტულონის გენერალური პროკურორი არ ადასტურებს გავრცელებულ ხმებს, თითქოს გომისი ნარკოტიკებთან დაკავშირებულ რაიმე სახის სკანდალში ყოფილიყო გახვეული, თუმცა ირკვევა, რომ გარდაცვლილის ერთ-ერთი ძმა წარსულში ასეთივე ანგარიშსწორების მსხვერპლი გახდა.
საფეხბურთო კლუბ „სენტ-ეტიენს“გომისთან კონტრაქტის გახანგრძლივება სურდა და მოთამაშისგან პასუხს ელოდა.
საფრანგეთის ნაკრების ყოფილ წევრ და ცნობილ ფეხბურთელ ბაფეტიმბი გომისთან გარდაცვლილს ნათესავური კავშირი არ ჰქონია.