„ტოტენჰემმა" ჩემპიონთა ლიგაზე თამაში გაინაღდა
„ტოტენჰემმა" ჩემპიონთა ლიგაზე თამაში გაინაღდა

პრემიერლიგაში გამართული გამოტოვებული მატჩების შემდეგ, “ტოტენჰემმა” 2018-19 წლების სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე თამაში გაინაღდა. ლონდონური კლუბი საკუთარ მოედანზე იღებდა “ნიუკასლს” და ჰარი კეინის მიერ 50-ე წუთზე გატანილი გოლით 1:0 მოიგო.

კეინისთვის ეს 28-ე გოლი იყო სეზონში, “ტოტენჰემმა” კი 74 ქულა დააგროვა, მესამე ადგილზე გადავიდა და მიუღწეველი გახდა მეხუთე ადგილზე მყოფი “ჩელსისთვის“.

ასე რომ ინგლისიდან ცნობილია სამი გუნდი, რომლებიც გაისად ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებენ – “მანჩესტერ სიტი”, “მანჩესტერ იუნაიტედი” და “ტოტენჰემი”.

რაც შეეხება მეოთხე საგზურს, ამ მხრივ გაირთულა საქმე “ჩელსიმ”, რომელმაც ოთხშაბათს შინ ვერ მოუგო “ჰადერსფილდს” – 1:1. სტუმრები ლორან დეპუატრის გოლით იგებდნენ, მაგრამ “ჩელსი” წაგებას მარკოს ალონსომ გადაარჩინა.

ჰადერსფილდმა” ამ ერთი ქულით შეინარჩუნა პრემიერლიგაში ადგილი, “ჩელსის” 70 ქულა გაუხდა, მეხუთე ადგილზეა და ორი ქულით ჩამორჩება მეოთხეადგილოსან “ლივერპულს”.

ბოლო ტურში “ჩელსი” სტუმრად შეხვდება “ნიუკასლს”, “ლივერპული” კი შინ მიიღებს “ბრაიტონს“.