ტოსკანის ღვინის მარნიდან 5 მილიონი ევროს ღირებულების ღვინო მოიპარეს
საილუსტრაციო ფოტო
მოპარული პროდუქციის ასორტიმენტის შერჩევა მიანიშნებს, რომ ქურდები ღვინოში კარგად ერკვევიან და შიდა ინფორმაციაზეც მიუწვდებოდათ ხელი. თითო ბოთლის ფასი 150-დან 500 ევრომდეა.
იტალიური მედიის ცნობით, პრესტიჟული იტალიური ღვინის მარნიდან დაახლოებით 5 მილიონი ევროს ღირებულების 30 000 ბოთლი ღვინო მოიპარეს.
იტალიაში ერთ-ერთმა უდიდესი საოჯახო ღვინის კომპანიის Marchesi Antinori-ს განცხადებით, ძარცვა 3 ოქტომბერს, ტოსკანაში მდებარე მის სასაწყობე მეურნეობაში მოხდა, როდესაც კომპანია უცხოელი მომხმარებლებისთვის გასაგზავნ პროდუქციას ამზადებდა.
სავარაუდოდ, სულ მცირე, შვიდმა ნიღბიანმა პირმა სიგნალიზაციის სისტემა გამორთო, კამერები გათიშა და კომპანიის კუთვნილი სატვირთო ჩანგლებიანი ამწეების გამოყენებით, ორი დიდი სატვირთო ავტომობილი ძვირფასი ტოსკანური წითელი ღვინით დატვირთა.
კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, რენცო კოტარელამ გაზეთ „კორიერე დელა სერას“ განუცხადა, რომ ეს იტალიაში ამ ტიპის ყველაზე მასშტაბური ქურდობაა.
„ასეთი მასშტაბისა და ღირებულების ქურდობა იტალიაში ნადვილად არასდროს მომხდარა“, – აღნიშნა მან.
როგორც „ბი ბი სი“ იტყობინება, კოტარელამ იმედი გამოთქვა, რომ სამართალდამცავები მოპარული ღვინის დაბრუნებას შეძლებენ.
„პროდუქციით დატვირთული ორი სატვირთო ავტომობილი უკვალოდ ვერ გაქრება. ტოსკანის გზები სავსეა ვიდეოკამერებით და შესაძლოა, ცოტა იღბლის წყალობითაც, მოპარული ღვინის ნაწილის დაბრუნება მაინც შევძლოთ“, – დასძინა მან.
კომპანიის განცხადებით, მოპარული ღვინოების შერჩევა მიანიშნებს, რომ ქურდები ღვინოში კარგად ერკვევიან და შიდა ინფორმაციაზეც მიუწვდებოდათ ხელი. ამ ღვინოების ერთი ბოთლი, ჩვეულებრივ, 150-დან 500 ევრომდე ღირს.
ქურდობის შესახებ მხოლოდ 5 ოქტომბრის დილას გახდა ცნობილი, როდესაც თანამშრომლები სამუშაოზე გამოცხადდნენ. ჯერჯერობით არავინ დაუკავებიათ.
Marchesi Antinori-ი 1385 წელს დაარსდა და პროდუქციის ექსპორტს 170 ქვეყანაში ახორციელებს. გასულ წელს კომპანიის შემოსავალმა 263 მილიონ ევროს მიაღწია.
წელს იტალიაში ღვინის ქურდობის შემთხვევებმა მოიმატა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ჩრდილოეთ პიემონტის რეგიონში მომხდარი ორი შემთხვევის დროს ასობით ათასი ევროს ღირებულების ღვინის ბოთლები მოიპარეს.