„ტორპედოს“ გულშემატკივრებმა აშვეთიას მადლობა გადაუხადეს - დაქცეულ გუნდში დარჩა და კრიზისის მიუხედავად, ლიგაში დაგვტოვა #1TVSPORT
ქუთაისის „ტორპედოს“ გულშემატკივრებმა (ჯგუფი „ჩვენ ვართ ტორპედო“) სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში მადლობა გადაუხადეს მიხეილ აშვეთიას, რომელიც კლუბის მთავარი მწვრთნელობიდან გადადგა.
„დავიწყოთ იქედან, რომ ახლა ბევრი მხოლოდ აშვეთიასა და მის სტაფზე ტეხავს ჯოხს და გუნდის დღევანდელ მდგომარეობას მათ აბრალებს. მეეჭვება, ვინმეს მათზე მეტად გიყვარდეთ ეს გუნდი. ეს ის აშვეთიაა, რომელიც მის სამწვრთნელო სტაფთან ერთად დაქცეულ-დამხობილ გუნდში დარჩა, უდიდესი კრიზისის მიუხედავად, როგორღაც მოახერხა და წინა წელს ეროვნულ ლიგაში დაგვტოვა, ამ სეზონში ჩემპიონატის დაწყებამდე ათი დღით ადრე გაურკვეველი იყო, იარსებებდა თუ არა საერთოდ „ტორპედო“. არც შეკრება გაუვლიათ და არც სრულყოფილად დაკომპლექტებულან, იმ რესურსით რაც ახლა გააჩნია „ტორპედოს“ მაღალი მიზნებისთვის ბრძოლა ძნელია და ეს ფაქტია. აშვეთია არის „ტორპედოს“ სული და გული, უმაგრესი პიროვნება და თავისი საქმის პროფესიონალი, მადლობა ყველაფრისთვის შენ და შენს სტაფს. ყველგან წარმატებებს გისურვებთ და ვისურვებდი, რომ ერთ დღეს აუცილებლად დაბრუნდე ჩვენთან. „ტორპედო“ თქვენი გუნდია, ეს თქვენი სახლია! მადლობა და წარმატებები“, – წერია გულშემატკივართა წერილში.
შეგახსენებთ, ქუთაისის „ტორპედომ“ 22 აპრილს დაადასტურა, რომ მიხეილ აშვეთიამ გუნდი დატოვა – საქართველოს თასის 1/16-ფინალში ქუთაისის „ტორპედო“ მარტვილის „მერანთან“ პენალტების სერიაში დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა. ამავე დროს, გუნდი ეროვნული ლიგის პირველი წრის შემდეგ ხუთი ქულით ბოლოსწინა, მეცხრე ადგილზეა და ერთადერთია ლიგაში, რომელსაც ცხრა მატჩიდან ჯერ ერთიც არ მოუგია.
მიხეილ აშვეთია „ტორპედოში“ 2016 წლიდან მუშაობდა, როგორც მთავარი მწვრთნელის ასისტენტი, ხოლო 2020 წლიდან – მთავარ მწვრთნელად. მან წასვლის შემდეგ „ტორპედოს“ პრობლემები ახსენა და ახალ მწვრთნელს პრობლემებზე ღიად ლაპარაკი ურჩია.