„ტორპედოს“ გულშემატკივრები შესაძლო ინვესტორთან შეხვედრას ითხოვენ #1TVSPORT
„ტორპედოს“ გულშემატკივრები შესაძლო ინვესტორთან შეხვედრას ითხოვენ #1TVSPORT

ქუთაისის „ტორპედოს“ გულშემატკივრები გუნდში არსებული ვითარების თაობაზე კონკრეტულ განმარტებას ითხოვენ – მათ არ სჯერათ იმ განცხადებების, რაც ბოლო დღეების განმავლობაში ისმის.

ისინი გამოეხმაურნენ „ალიანს ჯგუფი ჰოლდინგის“ დამფუძნებლისა და პრეზიდენტის, აიეტ კუკავას განცხადებას, რომ მისი კომპანია „ტორპედოში“ 20 მილიონ დოლარამდე ინვესტიციების განხორციელებისთვის მზადაა.

„ეს ყველაფერი უკვე თვეებია გვესმის, მაგრამ არავინ ჩანს. დაიღალა ყველა „დღეს, ხვალ, ზეგ“-ის მოსმენით და მსგავსი ცრუ დაპირებების აღარავის გვჯერა. თანაც ინვესტორის მოსვლაზე ინფორმაციები მას შემდეგ წამოვიდა, როცა გუნდმა ვარჯიშზე უარი თქვა. საკმარისზე მეტი მოითმინა ყველამ, მე-4 თვე დაიწყო, რაც გუნდში ხელფასი არ აუღიათ. წარმოდგენა მაინც გაქვთ, რა მძიმე სიტუაციაში არიან ეს ადამიანები? ყველას ოჯახები ჰყავს და როცა ოჯახში პრობლემა გაქვს, სხვა დანარჩენზე იფიქრებ? ჯერ მარტო გუნდს იმიჯი უფუჭდება იმის გამო, რა ვითარებაც ბოლო 3 წელია შეიქმნა.

ვის მოუნდება აქ მოსვლა თუ ასე გაგრძელდა? სირცხვილია, რომ ქალაქს ამხელა ისტორიის მქონე გუნდი ჰყავს და იმას ვერ უვლით, რა გახდა ერთი ნორმალური ინვესტორის მოყვანა, ვინც გუნდში ვითარებას დაასტაბილურებს? თუ მართლა არსებობს ეგ ინვესტორი, გამოვიდეს, დაგვენახოს და დაგველაპარაკოს. თუ არადა, გამოდით და თქვით, რომ არაფერი არ იქნება – დავიღალეთ და ყელში ამოგვივიდა ეს გაუთავებელი ცრუ დაპირებები“, – წერია ქუთაისელი გულშემატკივრების ჯგუფის, „ჩვენ ვართ ტორპედო“-ს განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ გუნდში არსებული რთული მდგომარეობის გამო, ეროვნული ლიგის 21-ე ტურის მატჩში, ქუთაისის „ტორპედო“ „საბურთალოს“ძირითადი გუნდის ფეხბურთელების გარეშე ესტუმრება და კლუბი მეორე გუნდის, ასევე 19 და 17-წლამდელთა გუნდების ფეხბურთელებით იასპარეზებს.